სად არის და რას საქმიანობს ქართველი ქირურგი, რომელმაც 40 წლის წინათ 3 წლის გოგონას მოჭრილი ტერფები მიაკერა

ალბათ ბევრს გახსოვთ ლიტველი გოგონას, რასა პრასცევიჩუიტე-სეპტისა და ქართველი ექიმის, რამაზ დათიაშვილის ამბავი. გოგონას 3 წლის ასაკში ორივე ფეხის ტერფები სათიბმა მანქანამ მოაჭრა, ახალგაზრდა ექიმმა რამაზ დათიაშვილმა კი საბჭოთა კავშირის მედიცინის ისტორიაში პირველმა ჩაატარა კიდურების რეპლანტაციის ოპერაცია – 9-საათიანი ოპერაციის შედეგად გოგონას ორივე ტერფი მიაკერა და ინვალიდობას გადაარჩინა.
დღეს პაციენტი და ექიმი ასე გამოიყურებიან:

ისტორია კი, რომელიც 1983 მოხდა და მთელი მსოფლიო შეძრა, ასე დაიწყო:
იმ საბედისწერო 17 ივნისის საღამოს რასა თავის ტყუპისცალ აუშარასთან ერთად სათამაშოდ გავიდა მინდორში. გოგონები ხორბლის ყანაში დარბოდნენ, იქვე ახლოს მათი მამა კომბაინით მუშაობდა. საღამოს ბინდში (თუ ზედმეტი სასმლის დალევის გამო) მამამ ვერ შეამჩნია მინდორში მოთამაშე ბავშვები და რასას სათიბი მანქანით გადაუარა. გოგონას ორივე ფეხები კოჭებში გადაეჭრა. ღამდებოდა და სოფელში ტელეფონის არარსებობა სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა. ჩანდა, რომ გოგონას ვერაფერი გადაარჩენდა.
ბავშვის დასახმარებლად პირველი უახლოეს დაბაში არსებული საავადმყოფოს ექიმი რაიმუნდას აკაუსკასი მივიდა. მას გოგინა უგონო მდგომარეობაში დახვდა. ექიმი სასწრაფოდ დაუკავშირდა კოლეგებს მოსკოვში.
12 საათის შემდეგ ლიტვის კოლმეურნეობა „ვადაქტაის“’ ტრაქტორისტის პატარა გოგონა რასა მოსკოვის საავადმყოფოს საოპერაციო მაგიდაზე იწვა. Ту-1340-ისათვის, რომელიც განგაშის სიგნალით აიჭრა ცაში ლიტვის პატარა ქალაქიდან, მთელი საჰაერო დერეფანი გაასუფთავეს, რომ თვითმფრინავს რაც შეიძლება სასწრაფოდ ჩაეყვანა რასიტა მოსკოვში.
გოგონა მთელი გზა გრძნობადაკარგული იყო. გაყინულ თევზთან ერთად გახვეული მისი ტერფები გვერდით სავარძელში ეწყო…
ბავშვთა საავადმყოფოს მისაღებში კი პატარა პაციენტს ახალგაზრდა ქირურგი რამაზ დათიაშვილი ელოდებოდა. ქართველ ექიმს გადაწყვეტილი ჰქიონდა, ბავშვისთვის ტერფები მიეკერებინა, თუმცა საავადმყოფოს ხელმძღვანელობა არ თანხმდებოდა, რადგან ასეთი ოპერაცია ჯერ არვის გაუკეთებია. „ვფიქრობდი, რამე ცუდი რომ მოხდეს, არ მაცოცხლებენ-მეთქი“, – ამბობდა შემდეგ დათიაშვილი. ტრაგედიიდან ხომ უკვე 12 საათი იყო გასული.
„ოპერაცია ერთი ამოსუნთქვით ჩატარდა: ერთიმეორის მიყოლებით ვაკერებდი ერთმანეთს თითოეულ ძარღვს, თითოეულ მყესს, არტერიებს, ნერვებს, კუნთებს“, – იხსენებდა ქირურგი.
ცხრასაათიანი დაძაბული ოპერაციის შემდეგ, როცა ახალგაზრდა ექიმი ბოლო ნაკერებს ადებდა, პაწაწინა ტერფები მის ხელში გათბა და მაშინ რამაზ დათიაშვილი მიხვდა, რომ გაიმარჯვა.

1991 წელს რამაზ დათიაშვილი აშშ-ში წავიდა ემიგრაციაში. ამ ქვეყნის წესებისა და რეგულაციების დაცვით, მან ზოგადი ქირურგიის რეზიდენტურა ნიუ-იორკში დაასრულა, შემდეგ კი, 2001 წელს პლასტიკური ქირურგიის რეზიდენტურაც დაამთავრა.
ქართველი მიკროქირურგი ამჟამად ქირურგიის პროფესორია ნიუ-ჯერსის რატგერსის უნივერსიტეტის პლასტიკური ქირურგიის განყოფილებაში.
ამერიკაშიც ქართველი ექიმი არაერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში: მის მიერ ჩატარებულ უნიკალურ ოპერაციებზე ტელესიუჟეტები მომზადდა და ჟურნალ-გაზეთებში სტატიები დაიბეჭდა.

რასამ უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო აკადემია დაამთავრა. ამჟამად იგი გერმანიაში ცხოვრობს და ქალქ ტროისფორდის ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობს. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი – ილიანა.

ბავშვობაში მიღებული ტრავმის მიუხედავად, რასა თავს აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანად გრძნობს.
იგი სამუდამოდ მადლიერია იმ ადამიანისა, რომელმაც მას მეორე სიცოცხლე აჩუქა და ინვალიდობისაგან იხსნა.
ნუცა ყაველაშვილი



