რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიასაზოგადოება

იტალიური ქალაქის მცხოვრებლებმა მერად კატა აირჩიეს

ცენტრალური იტალიის პატარა ქალაქ ჩივიტა დ’ანტინოს (Civita d’Antino, ლ’აკვილას პროვინცია, აბრუცოს რეგიონი) მცხოვრებლებმა მერად კატა აირჩიეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

Civita d Antino-ს, რომელიც დაახლოებით ათას მცხოვრებს ითვლის, ამიერიდან კატა მერი ჰყავს, სახელად მიაო (Miao), რომლის „უფლებამოსილების ვადა“ ერთ წელს გაგრძელდება. მერის მოადგილემ მატეო დი ფაბიომ იგი საზეიმოდ აკურთხა ახალ თანამდებობაზე და  კისერზე იტალიური ტრიკოლორის ტიპის საყელური გაუკეთა. ამრიგად, მიაომ პირველი „ცხოველთა მერის“ ტიტული დაიმსახურა. იგი მანამდეც პოპულარული იყო, როგორც ლ’აკვილას თილისმა – ეს სტატუსი კი თავისი დიდებული გარეგნობით და მომხიბვლელი კნავილით დაიმსახურა.

მიაოს უფლებამოსილების ვადა დაწყებულიც არ იყო, რომ ადგილობრივმა გაზეთმა ის არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. შავ-თეთრბეწვიანი, ფუმფულაკუდიანი „ჩინოვნიკის“ ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მან მერის სავარძელი არაკეთილსინდისიერად დაიკავა და ნეპოტიზმს აქვს ადგილი (საქმე ისაა, რომ მიაოს პატრონი  ვიცე-მერის ქალიშვილია). გაზეთი წერს, რომ კატას შეეძლო ადგილობრივი საარჩევნო კომისია თავისი კრუტუნით და დამაჯერებელი კნავილით მოესყიდა.

და ეს ყველაფერი არ არის – საბრალო მიაო ეჭვმიტანილია ადგილობრივ ბიზნესმენებთან კორუფციულ კავშირში. მტკიცებულებად მოცემულია შემთხვევები, როდესაც კატას აჭმევდნენ ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონეები, კაფეებისა და ბარების მფლობელები, რის საფუძველზეც მავანნი ასკვნიან, რომ ახალი მერი მათ ინტერესებს მიანიჭებს უპირატესობას და რიგითი მოქალაქეების საჭიროებებს უგულებელყოფს.

ამავდროულად, როგორც კენჭისყრამ აჩვენა, კატას, რომელიც დიდი ხანია ქალაქის სიმბოლოდ იქცა, მრავალი მხარდამჭერი ჰყავს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ თათებიანი ქალაქის თავი, რომელსაც მდიდარი მოქალაქეები კვებავენ, სხვაზე უარესი არ არის. არც ნეპოტიზმის ფაქტორმა იმუშავა მიაოს წინააღმდეგ.

სააგენტო Adnkronos-ის ცნობით, Civite d’Antino-ში ერთ წელიწადში საარჩევნო კამპანია დაიწყება, რომელიც მოსალოდნელია, რომ Miao-ს მმართველობის გამო „ცხელი“ და სახალისო იქნება. მიაოს შემდეგ მერის პოსტისთვის ნებისმიერ ცხოველს შეუძლია იბრძოლოს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close