იტალიაპოლიტიკა

იტალიას ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს – ულტრამემარჯვენე ჯორჯა მელონის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება დაავალა

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პარასკევს, 21 ოქტომბერს „იტალიის ძმების“ ლიდერს ჯორჯა მელონის ოფიციალურად დაავალა ახალი სამთავრობო კაბინეტის ფორმირება. მოსალოდნელია, რომ მელონი შაბათს, 22 ოქტომბერს დადებს ფიცს და იტალიის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი გახდება.

ცნობილია სამთავრობო კაბინეტის წევრების ვინაობაც.

ახალ მთავრობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება – პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი (ამავე დროს, იგი იქნება ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის მინისტრიც) და ბერლუსკონის „ფორცა იტალიას“ წარმომადგენელი ანტონიო ტაიანი (საგარეო საქმეთა მინისტრი).

შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოზი გახდება, რომელიც სალვინის თანამოაზრედ და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მებრძოლად ითვლება.

იუსტიციის მინისტრის პორტფელს კარლო ნორდიო („იტალიის ძმები“) ჩაიბარებს, თავდაცვის სამინისტროს კი გუიდო კროზეტი („იტალიის ძმები“) უხელმძღვანელებს.

ეკონომიკის სამინისტროს სათავეში ჩაუდგება „ჩრდილოეთის ლიგის“ წარმომადგენელი ჯანკარლო ჯორჯეტი, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს – ადოლფო ურსო („იტალიის ძმები“), ენერგეტიკის სამინისტროს – პაოლო ძანგრილო „ფორცა იტალიადან“.

პარასკევს, 21 ოქტომბერს ჯორჯა მელონი იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას ორჯერ შეხვდა. პირველ შეხვედრაზე დილით იგი კვირინალეს საპრეზიდენტო სასახლეში მომავალ სამთავრობო კოალიციაში თავის პოტენციურ პარტნიორებთან – მატეო სალვინისა და სილვიო ბერლუსკონისთან ერთად მივიდა. პირველი შეხვედრა 11 წუთს გაგრძელდა და მელონიმ პრეზიდენტს დაუდასტურა, რომ მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიების კოალიცია ერთხმად ასახელებს მას ახალ პრემიერ-მინისტრად.

მას შემდეგ, რაც მელონი, სალვინი და ბერლუსკონი წავიდნენ, კვირინალეს სასახლის კანცელარიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი მელონის საღამოს ისევ შეხვდება, ოღონდ ამჯერად პირისპირ, დამსწრეების გარეშე და თუ იგი პრეზიდენტს დაარწმუნებს, რომ შეუძლია ქმედითი მმართველი კოალიცია შექმნას, მატარელა ოფიციალურად მისცემს მას ფორმალურ დავალებას, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს.

მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მელონი შაბათს, 22 ოქტომბერს უკვე დადებს ფიცს და ოფიციალურად გახდება ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობის პირველი ულტრამემარჯვენე მეთაური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს გამართულ იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ძალების კოალიციამ გაიმარჯვა ჯორჯა მელონის მეთაურობით – მათ მთლიანობაში ხმების 44% მიიღეს და მოქმედი საარჩევნო კანონის თანახმად (83 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შედეგად), პარლამენტის ორივე პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვეს.

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, იტალიელთა უდიდესი ნაწილი ახალ მთავრობას დიდ დღეს არ უწინასწარმეტყველებს. მხოლოდ დაახლოებით მესამედს მიაჩნია, რომ ახალი მთავრობა კანონით მინიჭებული ვადის ბოლომდე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

ეს ვარაუდი ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან უკვე არსებობს შიდა წინააღმდეგობები ბერლუსკონისთან – არა მარტო სკანდალური აუდიოჩანაწერების გამო პუტინთან და უკრაინასთან დაკავშირებით, რომლებიც გავრცელდა, არამედ სამთავრობო კაბინეტის წევრების გამოც. ბერლუსკონის პარტიამ უარი თქვა მელონის მიერ სენატის სპიკერის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურის – ინიაციო ლა რუსას მხარდაჭერაზე და მემარჯვენე ცენტრისტული „ფორცა იტალიას“ ლიდერმა დაწერა წერილი, რომელშიც მელონი დაახასიათა, როგორც ძალაუფლების მოყვარე და ქედმაღალი ქალი.

მართალია მელონი ძალიან ცდილობს აჩვენოს, რომ ზომიერი შეხედულებები აქვს, სენატის ახალი სპიკერი, რომელიც, ამასთანავე, „იტალიის ძმების“ თანადამფუძნებელია, ცნობილია იმით, რომ ფაშისტი დიქტატორის – ბენიტო მუსოლინის სამახსოვრო ნივთებს აგროვებს. აქვე შეგახსენებთ, რომ მუსოლინის შვილიშვილმა რაკელე მუსოლინიმ 2021 წელს რომის საქალაქო საბჭოს არჩევნებში „იტალიის ძმებიდან“ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close