იტალიაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინთან კავშირები აღადგინა.
„მე ვიცნობდი მას, როგორც მშვიდ და კეთილგონიერ ადამიანს“, – ამბობს სილვიო ბერლუსკონი.
აუდიოფაილში ასევე ნათქვამია, რომ პუტინმა, 29 სექტემბერს, ბერლუსკონის დაბადების დღისთვის 20 ბოთლი არაყი აჩუქა და „ძალიან თბილი წერილი“ გამოუგზავნა. ბერლუსკონიმ კი პუტინს „ლამბრუსკოს“ ღვინო გაუგზავნა.
„ევრონიუსის“ ცნობით, აუდიოჩანაწერი, სავარაუდოდ, გაკეთებულია შეხვედრაზე, სადაც ბერლუსკონი თავის თანაპარტიელ ახალ პარლამენტარებს ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ სილვიო ბერლუსკონი ამჟამად ხელმძღვანელობს პარტია „წინ იტალიას“, რომელიც ჯორჯა მელონის მემარჯვენე კოალიციის წევრია. 25 სექტემბერს იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება სწორედ მემარჯვენე კოალიციამ მოიპოვა.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ იტალიურ პოლიტიკაში საინტერესო ამბები ხდება. მისი პროგნოზით „ახალ მთავრობას რუსეთის მიმართ გაცილებით რბილი, თუ სულაც ლოიალური არა, პოზიცია ექნება, ვიდრე დღევანდელ ევროკავშირს აქვს“.
„მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ჯერ არ მომხდარა არჩევნების შედეგების მიხედვით ახალი, ჯორჯა მელონის მინისტრთა კაბინეტის ფორმირება, უკვე საინტერესო ამბები ხდება. ოპოზიციის ლიდერმა ენრიკო ლეტამ იტალიის მომავალი მთავრობის პოზიციას რუსეთის მიმართ უკვე უწოდა „ორაზროვანი“. ორაზროვანი იმიტომ, რომ თავად ჯორჯა მელონი უკრაინის მიმართ სოლიდარობასა და ანტირუსულ სანქციებზე უარის თქმას ჯერჯერობით ღიად არ აპირებს, თუმცა მმართველი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, „ფორცა იტალიის“ თავმჯდომარე – სილვიო ბერლუსკონი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ეპატაჟურად ჰყვება, რომ პუტინს შეურიგდა და მასთან მეგობრობისა სულაც არ რცხვენია. აი, რა უამბო მან იტალიელ ჟურნალისტებს: „ამას წინათ პუტინმა დაბადების დღე მომილოცა და 20 ბოთლი რუსული არაყი, ასევე ძალიან თბილი მოსალოცი ბარათი გამომიგზავნა. ბარათში ეწერა, რომ პუტინი ხუთ საუკეთესო მეგობარში პირველ ადგილას მე მაყენებს. ამან გული ამიჩუყა და თვალზე ცრემლი მომგვარა, საპასუხოდ იტალიური „ლამბრესკა“-ს საკოლექციო ბოთლები გაუგზავნე და მივწერე მადლობის ბარათი, სადაც დავუდასტურე პატივისცემა და ძველი მეგობრობა“.
გარდა ამისა, მმართველი კოალიციის კიდევ ერთი ლიდერი, „ლიგის“ თავმჯდომარე ლორენცო ფონტანა, რომელიც პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერადაა არჩეული და დიდი ხანია, გამოირჩევა პუტინის მიმართ სიმპათიებით, ღიად აცხადებს, რომ იტალიის ინტერესებში არ არის ანტირუსული სანქციების შენარჩუნება, რადგან ეს ბუმერნაგივით უკან შემოგვიტრიალდებაო. ფონტანასგან, რომელიც 2014 წელს ყირიმში დამკვირვებლადაც კი იყო ჩასული მაშინდელ ე.წ. რეფერენდემზე, ეს გასაკვირი სულაც არ არის. მაშინ, ყირიმში სეირნობისას მას მოდური მაისურიც კი ეცვა წარწერით – „არა რუსეთის მიმართ სანქციებს!“ – და თავს იწონებდა!
რასაკვირველია, სრულად უნდა დავეთანხმოთ ოპოზიციაში მყოფ იტალიის დემოკრატიულ პარტიას, რომლის ლიდერიც რუსეთის მიმათ იტალიის პოზიციის აშკარა ცვლილებებს ხაზგასმით აღნიშნავს, თუმცა ამას ჯერჯერობით მხოლოდ „ორაზროვნებად“ მოიხსენიებს. ვნახოთ, რა მოხდება ჯორჯა მელონის კონსერვატიული მთავრობის ფორმირების შემდეგ. მაგრამ დღესვე ნათელია, რომ ამ ახალ მთავრობას რუსეთის მიმართ გაცილებით რბილი, თუ სულაც ლოიალური არა, პოზიცია ექნება, ვიდრე დღევანდელ ევროკავშირს აქვს და სრულიად ცხადია, აშშ-სა და ბრიტანეთის ხისტ და შეურიგებელ ანტირუსულ პოლიტიკას არც ერთ შემთხვევაში არ გაიზიარებს“, – წერს ანალიტიკოსი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ომის დაწყებიდან დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ, აპრილის პირველ რიცხვებში ბერლუსკონიმ პუტინი გააკრიტიკა უკრაინაში ომის დაწყების გამო და თქვა, რომ „ღრმად იმედგაცრუებული და დამწუხრებულია“ რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებით.
მსგავს თემაზე: ბერლუსკონი პუტინს მკაცრად აკრიტიკებს: „ღრმად იმედგაცრუებული ვარ“ (ვიდეო)
კომენტარები