მსოფლიოპოლიტიკა

შურისძიება ყირიმის ხიდის გამო? – რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა კიევზე, ლვოვზე, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე

რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა კიევზე, ლვოვზე, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა ლვოვში, ტერნოპოლში, ივანო-ფრანკოვსკში, ჟიტომირში, დნეპრში, ხარკოვში, კონოტოპში, ოდესასში, კრემენჩუგსა და სხვა ქალაქებში.

სარაკეტო შეტევა დღეს დილით, პიკის საათის დროს განხორციელდა.

კიევში რაკეტები ჩამოვარდა ცენტრალურ – შევჩენკოსა და სოლომენსკის რაიონებში. 

არსებული ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში სარაკეტო იერიშების შედეგად გარდაცვლილია რვა ადამიანი, დაშავებულია 24.

კიევის მეტროსადგურებში მოწყობილი თავშესაფრები ხალხითაა სავსე. ადილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სლავიანსკზე, სადაც საცხოვრებელი უბნების დაბომბვის შედეგად  ოთხი ადამიანი დაიღუპა. ლვოვზე სარაკეტო იერიშების გამო დაიხურა სკოლები. ხარკოვის დაბომბვის შედეგად შუქი ჩაქრა მთელ ქალაქში.

მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით თითქმის ყველა რეგიონში 83 რაკეტა გაუშვეს, მათგან ნახევარზე მეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, კიევში სარაკეტო დარტყმა მიაყენეს შუშის ხიდს ხალხთა მეგობრობის თაღის გვერდით. ეს საფეხმავლო და ველოსიპედისტებისთვის განკუთვნილი ხიდი დედაქალაქის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია. ხიდი 2019 წელს ააგეს და იქიდან კიევის შესანიშნავი ხედი იშლება.

უკრაინის განათლების სამინისტროს თხოვნაა, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მოსწავლეები და სტუდენტები 14 ოქტომბრამდე დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანოს ქვეყნის ტერიტორიიის მასობრივი სარაკეტო დარტყმების გამო რუსეთის მხრიდან.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრიმ „ტელეგრამში“ დაწერა, რომ შავ ზღვაში მდებარე გემებიდან უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა სამმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ  მოლდოვის საჰაერო სივრცე გადაკვეთა. ამის გამო რუსეთის ელჩი მოლდოვაში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებს, რომ რუსეთის სახით „საქმე გვაქვს ტერორისტებთან“, რომელთა პირველი სამიზნე ენერგოობიექტებია და სურთ პანიკა და ქაოსი დათესონ, მეორე სამიზნე კი – მშვიდობიანი მოქალაქეები. „სპეციალურად აირჩიეს ისეთი დრო და ისეთი სამიზნეები, რომ მეტი ზიანი მიეყენებინათ?“. „მათი საქმე წასულია“, – აცხადებს ზელენსკი.

აშკარად ჩანს, რომ ეს არის სასტიკი შურისძიება ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის.

პუტინმა სარაკეტო დარტყმებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დარტყმები განხორციელდა შორ მანძილზე მოქმედი დიდი სიზუსტის იარაღით „უკრაინის ენერგეტიკის, სამხედრო მეთაურობისა და კავშირგაბმულობის ობიექტებზე“, თუმცა ფოტო და ვიდეომასალა ადასტურებს, რომ სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა, მათ შორის, საბავშვო მოედანზე მიიტანეს.

„ჩვენს ტერიტორიებზე ტერაქტების ჩატარების მცდელობის გაგრძელების შემთხვევაში რუსეთის მხრიდან პასუხი იქნება სასტიკი და თავისი მასშტაბით რუსეთის ფედერაციისთვის შექმნილი საფრთხის დონის შესაბამისი“, – ციტირებს „ინტერფაქსი“ პუტინის სიტყვებს.

ნაშუადღევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის მეტრომ მუშაობა განაახლა. დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო თანამოქალაქეებს მოუწოდებს, არ უგულებელყონ საჰაერო განგაშის სიგნალები და დაიცვან საომარი მდგომარეობის წესები, გადაუდებელი საჭიროების არარსებობის შემთხვევაში არ გავიდნენ ქალაქში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღევანდელი სარაკეტო დარტყმების შემდეგ კვლავ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინის ტერიტორია.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close