ვლადიმირ პუტინის მიერ 2018 წელს ზარ-ზეიმით გახსნილი ხიდი, რომელიც რუსეთს კრასნოდარის მხარიდან ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, აფეთქების შედეგად ნაწილობრივ ჩამოინგრა. რუსული მხარის ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, რომლებიც აფეთქებული სატვირთოს სიახლოვეს მოძრავ მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდნენ.
უკრაინული მედიაგამოცემა Unian-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო, თუმცა უკრაინის ოფიციალურ უწყებებს ეს არ დაუდასტურებიათ.
რუსული ოფიციალური ვერსიით, ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა. „ამან გამოიწვია სატვირთო მატარებლის საწვავით სავსე შვიდი ავზის აალება და ხიდის ნაწილობრივი ჩამონგრევა“, – ნათქვამია რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.
არადა, ოფიციალური წყაროების მტკიცებით, ხიდს უსაფრთხოების მკაცრი სისტემა აქვს და მასზე შესვლამდე ნებისმიერი სატვირთო მანქანა მოწმდება ასაფეთქებელ ნივთიერებებზე.
BBC-ს ცნობით, 2022 წელს ხიდის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 2 მილიარდ რუბლზე მეტი გამოიყო.
ბრიტანეთის არმიის გადამდგარი უფროსი ექსპერტი ასაფეთქებელი ნივთიერებების დარგში ქერჩის ხიდის აფეთქებას „ფარული დივერსიის შედევრს“ უწოდებს.
ექსპერტის თქმით, აფეთქების მიზეზი შესაძლოა ხიდზე „ქვემოდან თავდასხმა“ იყოს. ის ვარაუდობს, რომ თითქმის ერთდროულად აფეთქებები საგზაო ხიდსა და სარკინიგზო ლიანდაგზე „კოდირებული რადიობრძანების დახმარებით განხორციელდა“.
ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ფეისბუქზე ირონიული პოსტით გამოეხმაურა.
მან გამოაქვეყნა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც მერილინ მონროს ცნობილი მუსიკალური მილოცვა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ კენედისადმი („გილოცავ დაბადების დღეს, მისტერ პრეზიდენტ“) ალმოდებული ყირიმის ხიდის კადრებთან არის შერწყმული. ვიდეოს დანილოვმა დაურთო წარწერა: „დილა მშვიდობისა, უკრაინა!“
საქმე ისაა, რომ 7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 70 წლის იუბილე აღნიშნა და „ცეცხლოვანი“ მილოცვაც მიიღო ქერჩის ხიდზე „ფეიერვერკებით“.
„ეს ინციდენტი, სავარაუდოდ, პუტინს ძლიერ გააღიზიანებს, რადგან აფეთქება მისი 70 წლის იუბილედან რამდენიმე საათში მოხდა, – წერს ბრიტანული დაზვერვა ტვიტერზე. – მან პირადად დააფინანსა ხიდის გახსნა, ხოლო მშენებლობის კონტრაქტორი მისი ბავშვობის მეგობარი არკადი როტენბერგი იყო. ბოლო თვეებში პუტონის პირადი მცველი, ახლა კი რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი არწმუნებდა საზოგადოებას, რომ ხიდის უსაფრთხოება დაცულია“.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 09 October 2022
Find out more about the UK government’s response: https://t.co/FEGhiU7s8U
🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/IuMKDQ1Xt6
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) October 9, 2022
აფეთქების შემდეგ, 8 ოქტომბერს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც ყირიმის (ქერჩის) ხიდის უსაფრთხოებას ამიერიდან ФСБ (რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) დაიცავს. ამ უწყებას დაევალა „ქერჩის ყურეში სატრანსპორტო გადასასვლელის, რუსეთის ფედერაციასა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის ელექტროქსელების ენერგოხიდის და კრასნოდარის მხარის მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხოების ზომების ორგანიზება და კოორდინაცია“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც კრემლის საიტზე გამოქვეყნდა.
ყირიმის ანუ ქერჩის ხიდი ორი პარალელური ნაწილისგან შედგება – საავტომობილო და სარკინიგზო, ის რუსეთს კრასნოდარის მხარიდან ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს. ხიდი რუსეთმა ყირიმის ანექსიის (2014 წ.) შემდეგ ააშენა – საავტომობილო ნაწილი, რომლის სიგრძე დაახლოებით 19 კმ-ია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს გახსნა, სარკინიგზო ხიდი კი ორი წლის შემდეგ გაიხსნა.
„უკრაინულ ყირიმში რუსული ძალაუფლების ორი ცნობილი სიმბოლო – სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ და ქერჩის (ყირიმის) ხიდი – დაეცა. შემდეგი რა არის, რუსებო?“ – წერს Twitter-ზე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.
The guided missile cruiser Moskva and the Kerch Bridge – two notorious symbols of russian power in Ukrainian Crimea – have gone down.
What’s next in line, russkies?— Defense of Ukraine (@DefenceU) October 8, 2022
კომენტარები