რუსეთის ხელისუფლება აპირებს, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი გახსნას. ეს უახლოეს მომავალში მოხდება „ზემო ლარსის“ სასაღვრო-გამშვებ პუნქტზე. ამის შესახებ, „დოიჩე ველეს“ ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია.
ჩრდ. ოსეთის შს მინისტრმა „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე თათბირი გამართა, რომლის შედეგადაც, აგრეთვე, „მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მოქალაქეებს საზღვარზე ფეხით გადასვლის ნება დართონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ სასაზღვრო პუნქტის გავლით რუსეთის ბევრი მოქალაქე ცდილობს, თავი დააღწიოს პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას. ჩრდლოეთ ოსეთის შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ „მსუბუქი ტრანსპორტის ეს ნაკადი, რომელიც საქართველოს მიმართულებით მიედინება, სერიოზულად იზრდება“ და მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებს ამატებენ და ისინი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, „მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული რჩება“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ცნობით, 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით „ზემო ლარსზე“ საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოში შემოვიდა რუსეთის 80 ათასამდე (78 742) მოქალაქე. მათი უმეტესობა მამაკაცია.
რუსეთის მოქალაქეები მობილიზაციისგან თავის დაღწევას საქართველოს გარდა ყაზახეთში გაქცევითაც ცდილობენ. ყაზახეთმა განაცხადა, რომ რუსეთს არ გადასცემს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციას გამოექცნენ, ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ მათზე საერთაშორისო ძებნა არ გამოცხადდება. ყაზახეთის შს მინისტრის, მარატ ახმეჯანოვის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებობს მოქალაქეთა გადაცემის შესახებ შეთანხმება, თუმცა მასში საუბარია მხოლოდ დამნაშავეებზე, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან სისხლის სამართლის დანაშაულის გამო და არა იმ პირებზე, რომლებსაც სამხედრო კომისარიატები ეძებენ.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ (21 სექტემბერს) ყაზახეთში 100 ათასი მოქალაქე გადავიდა, რომლებსაც არ სურთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი საზღვრების ჩაკეტვას აპირებს მობილიზაციას დაქვემდებარებული ასაკის მამაკაცების გადინების გამო, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ნინო ხოშტარია
სტატია განახლებულია 23:00 სთ-ზე, დამატებული აქვს ვიდეო.
კომენტარები