დგება იტალიაში ვადამდელი არჩევნების დღე – 25 სექტემბერი და პროგნოზებიც უკვე ცნობილია. დიდი ხანია, ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ გამარჯვებას მემარჯვენე პარტიები მოიპოვებენ. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, 25 სექტემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალისტური პარტია „იტალიის ძმები“ ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს – ამ დროისთვის მისი რეიტინგი ყველაზე მაღალია – 25%.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, ჯორჯა მელონის ულტრამემარჯვენე პარტია „იტალიის ძმები“ (ზოგიერთი მას ნეოფაშისტურადაც მოიხსენიებს; ეს პარტია შედარებით ახალია – 2012 წელს დაარსდა), მატეო სალვინის „ჩრდილოეთის ლიგა“ და სილვიო ბერლუსკონის „წინ, იტალია“ სამთავრობო კოალიციას ჩამოაყალიბებენ.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს მელონი და სალვინი ევროკავშირს აკრიტიკებდნენ და ბრიუსელს ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. ამის საპასუხოდ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროპას „აქვს შესაბამისი ბერკეტები“ იმ შემთხვევისთვის, თუ იტალიაში პროცესები „რთული მიმართულებით წავა“. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მელონის განცხადებით, იგი გმობს უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენე ძალების მოსვლას შეუშალოს ხელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერი ჯუზეპე კონტეა, რომელმაც მიმდინარე წლის ივლისში მარიო დრაგის კაბინეტს მხარდაჭერა არ გამოუცხადა („5-ვარსკვლაველებმა“ ნდობის ვოტუმის კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა) და ამის გამო დრაგი პოსტიდან გადადგა. შედეგად იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა 25 სექტემბერს.
რაც შეეხება ციფრებს, არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრირებულია თითქმის 51 მლნ (უფრო ზუსტად კი – 50 869 304) ამომრჩეველი, მათგან 4,7 მლნ – იტალიის ფარგლებს გარეთ. ამომრჩეველთა 51% ქალია. 2,6 მლნ-ზე მეტ ამომრჩეველს კი, ცოტა ხნის წინ კონსტიტუციის 58-ე მუხლში შეტანილი ცვლილების შედეგად, პირველად შეუძლია სენატორების არჩევაც (დეპუტატთა პალატის წევრების გარდა).
ცნობისათვის: ბიულეტენები ორი ფერის იქნება – ყვითელი და ვარდისფერი. ვარდისფერი – დეპუტატთა პალატის წევრების ასარჩევად, ყვითელი – სენატის წევრების ასარჩევად (როგორც ცნობილია, იტალიის პარლამენტი ორპალატიანია: ქვედა – დეპუტატთა პალატა და ზედა – სენატი). საარჩევნო უბნები 25 სექტემბერს დილის 7 საათზე გაიხსნება და 23 საათზე დაიხურება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები