სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა და ერთა ლიგის პლეი ოფში გავიდა (ვიდეო)

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ C4 ჯგუფში საუკეთესო გუნდია – პირველი ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთ მაკედონია მეორედაც დაამარცხა. ამჯერად 2:0.

ერთა ლიგაზე ბოლო წლების პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებამ სავსე სტადიონი შეკრიბა – „დინამო არენაზე“ მისული 55 ათასი გულშემატკივარი ელოდა წარმატებას საქართველოს ნაკრებისგან და მათ ეს სიხარული მიიღეს.

საქართველოს ნაკრები ოთხი ტურის შემდეგ ერთა ლიგის C4 ჯგუფში 10 ქულით ლიდერობდა, ჩრდილოეთ მაკედონიას კი პირველ ადგილზე გასვლის თეორიული შანსი გააჩნდა. ლიდერობის შესანარჩუნებლად, პირველ ადგილზე და შემდეგ გათამაშებაში B დივიზიონში გასასვლელად, საქართველოს ნაკრებს ფრეც აწყობდა. მეტოქეს კი მინიმუმ სამი ქულა და სულ ცოტა სამი ბურთით მოგება სჭირდებოდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა: მამარდაშვილი – კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა – კაკაბაძე, აბურჯანია, კვეკვესკირი, წიტაიშვილი – დავითაშვილი, კვარაცხელია – ზივზივაძე.

მატჩი სტუმრების უპირატესობით დაიწყო. საქართელოს ნაკრებს მჭიდროდ ეთამაშებოდნენ და ჩვენს გუნდს კონტრშეტევების განხორციელება უჭირდა. 21-ე წუთზე ჩრდილოეთ მაკედონიელებმა პირველი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ სპიროვსკის შორიდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. მალე კი ბარდის შესრულებულ ჯარიმასაც გადაეღობა.

საქართელოს ნაკრებმა პირველი სახიფათო მომენტი 35-ე წუთზე შექმნა, როდესაც აბურჯანიას არავინ გაეხსნა და კარში დაარტყა. მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ შემდეგ შეტევაზე კვარაცხელიამ გაიბრწყონა – კარის წინ მთელი ძალით დაარტყა, სადაც კაშია გაიხსნა და სტადიონზე შეკრებილი მაყურებელი უზომოდ გაახარა – 1:0. თუმცა, ავტოგოლი მიოვსკის ანგარიშზე ჩაიწერა.

ბოლო წუთზე გატანა ზივზივაძესაც შეეძლო, მაგრამ ხელი შეუშალეს, მისი პასი კი ჩაჭრეს და რეალური საგოლე მომენტი განიმუხტა. შესვენებაზე საქართველოს ნაკრები ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა – 1:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში ავტოგოლის ავტორმა მიოვსკიმ უკვე ჩვენ შეგვიტია. 52-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ მამარდაშვილმა საქართელოს ნაკრები აშკარა გოლისგან გადაარჩინა. ამ პერიოდში სტუმრებმა მთელი ძალებით შემოგვიტიეს, შეხვედრა რომ გადაერჩინათ, მაგრამ 64-ე წუთზე საკუთარ კარში მეორე გოლი მიიღეს. ზივზივაძემ მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი აართვა და კარისკენ დაიძრა, მაგრამ დარტყმის ნაცვლად კარის წინ კვარაცხელია მოძებნა, რომელმაც საქართველოს ნაკრების კონტრშეტევა მეორე გოლით დააგვირგვინა – 2:0.

71-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ მორიგი საოცრება ჩაიდინა, ბურთი მეტოქეს აართვა, ეფექტურად გასცდა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ააცილა. 80-ე წუთზე კი ბარდიმ სცადა ანგარიშს შემცირება და მამარდაშვილმა ისევ ჩინებული რეაქცია გამოავლინა.

მსაჯის საფინალო სასტვენმა საქართველოს ნაკრების გამარჯვება დააფიქსირა. ამ სამი ქულით, ისტორიაში მეორედ მოახერხა ჯგუფური ეტაპის მოგება და ევრო 2024-ის პლეი ოფში გასვლა გაინაღდა და ერთა ლიგის „ბ“ ჯგუფში გადავიდა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close