უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 14 სექტემბერს ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში ჩავიდა, რომელიც უკრაინულმა არმიამ რუსებისგან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა კონტრშეტევის შედეგად. პრეზიდენტმა დეოკუპირებულ ქალაქში უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„ადრე, როდესაც ზემოთ ვიყურებოდით, ყოველთვის ლურჯ ცას ვეძებდით. დღეს (14 სექტემბერი – რედ.), როდესაც მაღლა ვიყურებით, მხოლოდ ერთ რამეს ვეძებთ – უკრაინის დროშას.
ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა უკვე ფრიალებს დეოკუპირებულ იზიუმში. და ასე იქნება ყველა უკრაინულ ქალაქსა და სოფელში. მივდივართ მხოლოდ ერთი მიმართულებით – გამარჯვებისკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ დროშის აღმართვის შემდეგ.
მასთან ერთად იზიუმში იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, 6 სექტემბრის შემდეგ უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში რუსული ჯარებისგან 388 დასახლებული პუნქტი (საერთო ფართობი – 8500 კვ. მეტრი) და 150 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები