მსოფლიოპოლიტიკა

ევროპაში მიტინგების ტალღა აგორდა – ათიათასობით ადამიანი გაზის გაზრდილ ფასებს და ინფლაციას აპროტესტებს (ვიდეო)

შაბათს, სამ სექტემბერს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის – ემანუელ მაკრონის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა. იმავე დღეს ათიათასობით ადამიანმა პრაღის ცენტრში გამართულ აქციაზე ჩეხეთის მთავრობის გადადგომა მოითხოვა. პარასკევს გერმანიის ქალაქ კასელში აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა.

ევროპის ქვეყნებში აქციები რუსეთის მხრიდან „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის სრულად გადაკეტვის და ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის პარალელურად დაიწყო.

პარიზში პარტია „პატრიოტების“ მიერ ორგანიზებულ მსვლელობას ათობით ათასი ადამიანი შეუერთდა. აქციის მონაწილეებმა ბუნებრივი აირის გაზრდილი ფასები და ინფლაცია გააპროტესტეს, ისინი მოითხოვენ, რომ საფრანგეთმა ნატო და ევროკავშირი დატოვოს.

ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა პრაღის ცენტრში ჩეხეთის მთავრობის, ევროკავშირისა და ნატოს წინააღმდეგ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. დემონსტრანტებმა მოუწოდეს მმართველ კოალიციას, უფრო ეფექტიანად იმოქმედოს ენერგორესურსებზე მზარდი ფასების კონტროლისთვის.

„მთელი ვაცლავის მოედანი მთავრობის გადადგომას ითხოვს! ჩვენ მოვითხოვთ დღევანდელი კაბინეტის გადადგომას, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს: პრაღაში 70 000-კაციანი აქცია გაიმართა. ასევე მოვითხოვეთ გაზისა და ელექტროენერგიის ფასების დაწევას და ნეიტრალიტეტს უკრაინის კონფლიქტზე“, – წერს აქციის მონაწილე.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, რომელიც ხუთი პარტიისგან შემდგარ მემარჯვენე-ცენტრისტულ მმართველ კოალიციას ხელმძღვანელობს, ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არ მოქმედებენ. მან აქციის ორგანიზატორებს პრორუსული ძალები უწოდა, რომლებიც ჩეხეთის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.

რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „იწყება დიდი გლობალური ქარიშხალი“ დასავლეთის მოქმედებების გამო.

რუსული მხარე განმარტავს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 1-ის“ გაჩერება დასავლეთის სანქციების ბრალია, რამაც რუსეთს არ მისცა საშუალება, დროულად ჩაეტარებინა სარემონტო სამუშაოები.

რა თქმა უნდა, რეალობა სულ სხვაა – ევროპელი სპეციალისტების თქმით, გაზსადენის გაუმართაობა არაფერ შუაშია და რეალურად რუსეთი ევროპას სჯის, ამას მოწმობს ისიც, რომ კანადაში გარემონტებული „სიმენსის“ ტურბინა, ვითომდა რომლის გამოც რუსეთმა რამდენიმე თვის წინ შეამცირა გაზის მიწოდება გერმანიისთვის, ისევ გერმანიაშია და რუსებს ის ჯერაც არ წაუღიათ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „რუსეთი ემზადება, რომ ამ ზამთარს გადამწყვეტი ენერგეტიკული იერიში მიიტანოს ევროპაზე… სადაც იარაღით მოქმედება არ შეუძლია, რუსეთი ენერგეტიკას იყენებს იარაღად. მან გააჩერა „ჩრდილოეთ ნაკადი 1“, რათა … შეაშინოს და დაასუსტოს მთელი ევროპა, ყველა სახელმწიფო“.

მისი თქმით, ამის საწინააღმდეგოდ ორი იარაღი არსებობს: „ჩვენი ერთიანობა და ზეწოლის გაძლიერება რუსეთზე“.

უფრო ადრე ზელენსკიმ ინფლაციასა და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ევროპის მოსახლეობის უკმაყოფილების საპასუხოდ განაცხადა: „როდესაც თქვენ კაპიკებს ითვლით, ჩვენ – უკრაინელები ადამიანთა მსხვერპლს ვითვლით“.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close