პოლიტიკასაბერძნეთი

ერდოღანის გაფრთხილება ათენს: „მძიმე ფასს“ გადაიხდით – რატომ ემუქრება თურქეთი საბერძნეთს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთი ეგეოსის ზღვის კუნძულების „ოკუპაციაში“ დაადანაშაულა, რომლებსაც დემილიტარიზებულის სტატუსი აქვთ. ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა გააკეთოს ის, რაც საჭიროა, როდესაც ამის დრო მოვა. 

„თქვენ მიერ კუნძულების ოკუპაცია თურქეთსა და საბერძნეთს ერთმანეთთან არ აკავშირებს. როცა დრო მოვა, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. როგორც იტყვიან ხოლმე, ერთ ღამეს შესაძლოა მოულოდნელად ჩამოვიდეთ. შეხედეთ ისტორიას, თუ კიდევ უფრო შორს წახვალთ, მძიმე ფასის გადახდა მოგიწევთ.

დაბოლოს, ჩვენ საბერძნეთისთვის ერთი წინადადება გვაქვს: ნუ დაივიწყებთ იზმირს“, – თქვა ერდოღანმა

1922 წელს ოსმალეთის არმია საბერძნეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ იზმირში შევიდა და ბერძნული ძალები გაანადგურა. აფეთქებების შედეგად ქალაქი მთლიანად გადაიწვა. სხვადასხვა წყაროს თანახმად, მსხვერპლის რაოდენობა 60-იდან 260 ათასამდე მერყეობს.

რამდენიმე კვირის წინ ანკარამ საბერძნეთი დემილიტარიზებული ეგეოსის კუნძულების ხელახლა შეიარაღებაშიც დაადანაშაულა, რასაც ათენი უარყოფს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ათენი გააფრთხილა, რომ ეგეოსის ზღვის დასავლეთით მდებარე კუნძულების მილიტარიზაციის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა მათი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ჩავუშოღლუს თქმით, საბერძნეთს აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულები, რომელიც ათენსა და ანკარას შორის დავის ერთ-ერთი მიზეზია, გადაეცა 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულებისა და 1947 წლის პარიზის ხელშეკრულების ფარგლებში, იმ პირობით, რომ კუნძულები დემილიტარიზებული დარჩებოდა.

ასევე, ჩავუშოღლუ შეეხო თურქეთის ბრალდებასაც, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში ვიზიტის დროს თურქეთისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვა დაბლოკა. ჩავუშოღლუს თქმით, ეს ნაბიჯი NATO-ს ალიანსის ერთიანობასთან წინააღმდეგობაშია.

ამის საპასუხოდ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა თქვა, რომ თურქეთის პოზიცია კუნძულებზე საბერძნეთის სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენების შესახებ სრული აბსურდია. ხოლო საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ათენი ანკარის პროვოკაციული განცხადებების შინაარსს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად განიხილავს.

მაისში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ის აღარასდროს დათანხმდებოდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრას და დაამატა, რომ ის მისთვის „აღარ არსებობს“.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close