კრიმინალისაქართველო

„მესამე დღეს მითხრეს, რომ ჩემი შვილი გარდაიცვალა“ – შსს წლების წინათ ჩვილების სავარაუდო გაყიდვის ფაქტებით ინტერესდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაშვილების ფაქტებით დაინტერესდა. 31 აგვისტოს უწყებაში გასაუბრებაზე დაიბარეს არასამთავრობო ორგანიზაციისა და სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფის „ვეძებ“ ადმინისტრატორი თამუნა მუსერიძე.

ფეისბუქის ჯგუფში „ვეძებ“, რომელიც 170 ათასზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს, სისტემატურად ვრცელდება ინფორმაცია წლების განმავლობაში საქართველოში არსებული სხვადასხვა სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაშვილებისა და გაყიდვის შემთხვევების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ თამუნა მუსერიძე გასაუბრებაზე სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის გამო დაიბარეს. შსს კომენტარს არ აკეთებს, დაიწყება თუ არა წლების წინ, სავარაუდოდ, უკანონო გაშვილების ფაქტებზე გამოძიება.

31 აგვისტოს თამუნა მუსერიძემ ექვსი საათი გაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაუბრებაზე. სამართალდამცავებს მოუყვა ყველაფერი, რაც მას და მის მეგობრებს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დაუგროვდათ. ლაპარაკია ათწლეულების განმავლობაში საქართველოში არსებული სხვადასხვა სამშობიაროდან ჩვილების, სავარუდოდ, უკანონო გაშვილებისა და გაყიდვის ფაქტებზე:

თამუნა მუსერიძე, Facebook

„შინაგან საქმეთა სამინისტრო თავად დაგვიკავშირდა. გამოთქვეს დახმარების სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დადასტურებული ფაქტი გვაქვს, გვყავს შვილები, რომლებიც წლების წინ მკვდრად გამოაცხადეს სამშობიაროებში და შემდეგ ცოცხლები ვიპოვეთ, დნმ-ის ტესტმაც დაადასტურა მათი ბიოლოგიური კავშირი მშობლებთან, სამწუხაროდ, ამ საქმეების უმეტესობა ხანდაზმულია და ჩვენ ახლა ვერავის დასჯას ვეღარ მოვითხოვთ… მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო მაინც დაინტერესდა ამ ფაქტებით და გვითხრეს, რომ აუცილებლად ითანამშრომლებენ ჩვენთან. დეტალურად გამომკითხეს ინფორმაცია რამდენიმე ფაქტის შესახებ. მითხრეს, რომ კიდევ დამიკავშირდებიან, რათა სხვა დეტალებიც განვიხილოთ“.

გარდა გასული საუკუნის 80-90-იან წლებში დაბადებული ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაყიდვის ფაქტებისა, თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია 2003 წელს დაბადებული ორი ჩვილის უკანონო გაშვილების შესახებაც. ერთ-ერთი მათგანი კანადაშია გაშვილებული, მეორე კი – საბერძნეთში. 18 წლის ბიჭებმა და მათმა აღმზრდელმა მშობლებმა არასამთავრობო ორგანიზაციას სულ ცოტა ხნის წინ მიმართეს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მივაწოდე ინფორმაცია შედარებით ახალ, 2003 წლის საქმეზეც. არ გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყოს“.

თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ 2021 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ჯგუფი „ვეძებ“ შეიქმნა, მოხერხდა 500-მდე ბიოლოგიური ოჯახის დაკავშირება, რომელთა შორისაც არიან უკანონოდ გაშვილებული/გაყიდული ბავშვებიც. ბავშვები, რომლებიც მისი თქმით, ათწლეულების წინ სამშობიაროებში გარდაცვლილებად გამოაცხადეს, შემდეგ კი უკანონოდ გაყიდეს, მათ შორის, საზღვარგარეთაც.

40 წლის წინათ გაშვილებული ჩვილის პოვნის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თამუნა მუსერიძემ 23 აგვისტოს გაავრცელა. თამუნას მიერ გაზიარებულ ვიდეოში დედა-შვილის შეხვედრის კადრებია აღბეჭდილი. მართალია, ვიდეო ერთი კვირის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში, თუმცა დედა-შვილმა ერთმანეთი ჯგუფის „ვეძებ“ დახმარებით ერთი წლის წინ იპოვა.

Video grab

როგორც თამუნა მუსერიძე ჰყვება, 40 წლის წინათ ჭიათურაში დაბადებული ბიჭი სამშობიაროში „გარდაცვლილად“ გამოაცხადეს, შემდეგ თბილისის მეორე სამშობიაროში გადაიყვანეს და სწორედ იქიდან მოხდა მისი გაშვილება:

„ჭიათურის სამშობიაროში დედას უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. რეალურად კი ბავშვი თბილისში, მეორე სამშობიაროში წამოიყვანეს. მშვილებელ ოჯახს უთხრეს, რომ ბავშვი დედამ მიატოვა. როდესაც ბავშვი სახლში უნდა წაეყვანათ, უარი ბავშვის ბიოლოგიური მამის ნაცვლად მეორე სამშობიაროს დარაჯს დააწერინეს, თუმცა აღმზრდელებმა იცოდნენ ჩვილის ბიოლოგიური მშობლების გვარები. სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფის საშუალებით დაგვიკავშირდა გაშვილებული ბიჭის ცოლი, მოგვიყვა თავისი ქმრის ისტორია. მან არ იცოდა, რომ მისი ქმარი ჭიათურის სამშობიაროში იყო დაბადებული, რადგან საბუთებში დაბადების ადგილად თბილისის მეორე სამშობიარო იყო მითითებული. ეს ისტორია დავწერეთ ჯგუფში, გამოქვეყნდა ფოტოც. ამ ბიჭის ბიოლოგიურმა ძმამ ფოტოზე მსგავსება აღმოაჩინა, გაკეთდა გენეტიკური ანალიზი და დადასტურდა, რომ ისინი ბიოლოგიური ძმები არიან“.

„მესამე დღეს მითხრეს, რომ ჩემი შვილი გარდაიცვალა“

გაგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close