მსოფლიოეკონომიკა

გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფი მომავალი წლიდან ექვსჯერ გაიზრდება წინა წელთან შედარებით

მთავრობამ 3 აესის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

რუსეთ-უკრაინის ომისა და სიცხის გამო გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფი ექვსჯერ გაიზრდება, – ასეთ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, მომავალი წლიდან გერმანიაში მეგავატ/საათი ელექტროენერგიის ღირებულება 3,7%-ით გაიზრდება და 477,5 ევრო იქნება. ეს შარშანდელთან შედარებით თითქმის ექვსჯერ მეტია. ბოლო ორ თვეში დენის ტარიფი გერმანიაში თითქმის გაორმაგდა.

ენერგორესურსების ფასების ზრდას იწვევს მზარდი ეჭვი, შეძლებს თუ ვერა ევროპა ბუნებრივი აირის შეზღუდული მარაგებით საჭირო რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავებას მომავალი ზამთრის პერიოდში. ამას გარდა, ენერგოსექტორზე დაწოლას ძლიერი სიცხეები და გვალვაც ზრდის.

ელექტროენერგიის ფასის ზრდა კი სამომხმარებლო პროდუქციის ფასებს ზრდის და ინფლაციაც იმატებს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ქვეყანაში არსებული უკანასკნელი სამი ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა ელექტროენერგიის მოსალოდნელი უკმარისობის გამო ამ ზამთარს. ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ამ გეგმის დეტალები ჯერ ისევ მსჯელობის საგანია, როგორც ცნობილია, ამას გერმანიის მწვანეები ეწინააღმდეგებოდნენ. საბოლოო გადაწყვეტილება ბუნდესტაგში კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.

საუბარია ატომურ ელექტროსადგურებზე: Isar 2 – ბავარიის ფედერალურ მიწაზე, Neckarwestheim 2 – ბადენ ვიურტემბერგის ფედერალურ მიწაზე და Emsland – ქვემო საქსონიაში, რომელთა გაჩერება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა. გასულ წელს გერმანიაში გამომუშავებული მთელი ელექტროენერგიის 11,9 პროცენტი ამ სამ ატომურ ელექტროსადგურზე მოდიოდა.

„დოიჩე ველეს“ ცნობით გერმანიის მთავრობამ უპრეცედენტო ექსტრემალური გადაწყვეტილება მიიღო – კომპანიებს უფლება მისცა, მოქალაქეებს უფრო მეტის გადახდა დააკისრონ მოხმარებული ენერგიისთვის, ვიდრე კონტრაქტით არის გათვალისწინებული. საგაზო ფასნამატი (Gasumlage) იქნება 2,419 ევრო ერთ კილოვატ-საათ ელექტროენერგიაზე. ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბევრი ელოდა. ოჯახის ხარჯი თვეში 40-45 ევროთი გაიზრდება თბილი წყლისა და გათბობისთვის (484 ევრო წელიწადში ისეთი ოჯახისთვის, რომელიც ცალკე სახლში ცხოვრობს და წლიურად 20 000 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს).

გერმანული ინდუსტრიის ფინანსური ტვირთი კი ამ საგაზო ფასნამატის შედეგად მთლიანობაში 5,7 მლრდ ევრო იქნება.

საგაზო ფასნამატი, სპეციალისტების ვარაუდით, ინფლაციას 9-10%-ით გაზრდის.

საგაზო ფასნამატის შესახებ ინფორმაციის ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ ზოგი პოლიტიკოსი, სამომხმარებლო ორგანიზაციები და სამრეწველო გაერთიანებები მთავრობისგან მოითხოვენ, ფინანსური დახმარება გაუწიოს მოსახლეობას და წარმოებას. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Twitter-ში დაწერა, რომ მთავრობის მიერ მიღებული ზომების წყალობით გერმანიის მაცხოვრებლებს უკვე შეუმცირდათ ფინანსური ტვირთი 30 მლრდ ევროთი, მისი ინფორმაციით, ახლა ახალი პაკეტი მზადდება. „არავის დავტოვებთ მარტო პირისპირ გაზრდილ ხარჯებთან“, – ირწმუნება კანცლერი შოლცი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close