მედიცინამსოფლიოnews

„მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების მკვეთრი მატების გამო სან ფრანცისკოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სან ფრანცისკოში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების მკვეთრი მატების გამო სამედიცინო სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ხუთშაბათს მიიღო ვირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო. სან ფრანცისკოს მერის, ლონდონ ბრიდის თქმით, ეს საშუალებას მისცემს ქალაქის მთავრობას, უფრო ორგანიზებულად გაუმკლავდეს პრობლემას.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ჯანდაცვის სისტემაში ორშაბათს, პირველ აგვისტოს ამოქმედდება და ქალაქის ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნება, გამოყოს საჭირო რესურსები ვირუსის ფართო გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

„სან ფრანცისკომ კოვიდის დროს აჩვენა, რომ ადრეული ღონისძიებები აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად, – ნათქვამია მერის განცხადებაში. – ვიცით, რომ ვირუსი ერთნაირად მოქმედებს ყველაზე, თუმცა ჩვენი ლგბტქ თემი ახლა დიდი რისკის ქვეშაა. ჩვენი ლგბტქ თემის წარმომადგენელი ბევრი ადამიანი ახლა შეშინებული და იმედგაცრუებულია. ეს საგანგებო მდგომარეობა საშუალებას მოგვცემს, მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც დიდი რისკის ქვეშაა, აგრეთვე, უკეთ მოვემზადოთ მომავალი საფრთხისთვის“.

სან ფრანცისკოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა ქალაქში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევის შესახებ 3 ივნისს განაცხადა, ამ დროისთვის კი უკვე ოფიციალურად დადასტურებულია 260 შემთხვევა.

ქალაქის ჯანდაცვის საზოგადოებრივი დეპარტამენტის ინფორმაციით, სან ფრანცისკომ მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 200 დოზა მიიღო და ისინი უახლოეს დღეებში კლინიკებს გადაეცემათ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close