ეკონომიკასაქართველო

რატომ ფერხდება ამანათების გაცემა? – რიგები გადამზიდავ კომპანიებთან

ბოლო რამდენიმე კვირაა გადამზიდავი კომპანიების ოფისებთან კუთვნილი ამანათების მომლოდინე ადამიანების რიგები დგას. გადამზიდავი კომპანიები ვერ ახერხებენ დროულად ამანათების გაცემას, რაც მომხმარებლების უკმაყოფილებას იწვევს.

UPS-ისა და UPS SCS-ის საქართველოს წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ქოპილაშვილი აცხადებს, რომ პრობლემების მიზეზი მიმდინარე წლის მაისში ამოქმედებული ახალი გადასახადია, რომელიც ყველა იმ პირს დაეკისრა, ვინც 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონელს გამოიწერს.

მისი თქმით, განსაბაჟებელი ამანათი მხოლოდ აღნიშნული თანხის გადახდის და საგადახდო დავალების წარდგენის შემდეგ გაიცემა.

გადამზიდავი კომპანიები ამბობენ, რომ მომხმარებლები ცვლილებების საქმის კურსში არ არიან, ვერ ახერხებენ დროულად მომსახურების მოსაკრებლის გადახდას, რის გამოც ამანათების გაცემა შეფერხებულია.

“ადრე მაგალითად თუ შესაძლებელი იყო განბაჟებას დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილის ჩამოსვლის დღესვე დილითვე ჩაბარება, მიმღებისთვის დღეს ეს ვადები 4-5 დღემდე არის გაზრდილი. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად მოხდება გადასახადის გადახდა მიმღების მიერ, რადგან ამ გადასახადის გარეშე არ შეგვიძლია ჩვენ რომ დეკლარაცია დავბეჭდოთ. დეკლარაციის გარეშე კი ეს ტვირთები ჩვენთან ინახება, რაც საწყობების გადავსებასაც იწვევს”, – აცხადებს UPS-ისა და UPS SCS-ის საქართველოს წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ქოპილაშვილი.

ის, რომ ამ მიმართულებით შემოსავლების სამსახურმა შესაბამისი ინფორმაცია მომხმარებელს დროულად არ მიაწოდა, ამაზე BM.GE-თან საუბრობს გადამზიდავი კომპანია FedEX-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ნინო მენთეშაშვილი. მისი თქმით, მომხმარებლებმა ცვლილებების შესახებ არ იციან, შესაბამისად, მომსახურების ახალი მოსაკრებლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მათთვის კერძო სექტორს უწევს. ამასთან, ნინო მენთეშაშვილი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით პრობლემებია საბაჟოზეც.

“ეს არის დამატებით სხვა გადასახადი, რომლის საქმის კურსში მოსახლეობა არ არის. გვიწევს ყოველდღიურად იმის მტკიცება, რომ ახალი გადასახადი შემოღებულია მთავრობის მიერ და ხაზინაშია გადასახდელი. ალბათ საბაჟო მომსახურებამაც ვერ გააკეთა იმის ორგანიზება, რომ ეს ხელმოწერილი დეკლარაციები ძალიან სწრაფად ასახულიყო სისტემაში. ამერიკის შეერთებულ შტატებიდან გზავნილი 3 დღეში საქართველოშია, შემდეგ სამი დღე სჭირდება ამანათის ჩაბარებას. ალბათ ხვდებით, რომ ექსპრეს გზავნილის ღირებულება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი საერთაშორისო გადაზიდვის. ამ საფასურს გამომგზავნიც და მიმღებიც იხდის იმიტომ, რომ სწრაფად სჭირდება ეს ნივთი და არა იმიტომ რომ მან იცადოს ერთი კვირა ან მეტი”, – ამბობს FedEX-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ნინო მენთეშაშვილი.

ცნობისთვის, 14 მაისიდან მოქალაქეებს საფოსტო გზავნილით 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის მიღების შემთხვევაში მომსახურების საფასურის გადახდა უწევთ. ცვლილებების მიხედვით, რომელმაც მოქალაქეებს მომსახურების ახალი მოსაკრებელი დააკისრა, გადასახადის ღირებულება დამოკიდებულია თავად პროდუქციის ღირებულებაზე. თუ საქონელი 300-3000 ლარამდე ღირებულებისაა, მომსახურების საფასური 20 ლარია, 3000-10000 ლარამდე ღირებულების ნივთის შემთხვევაში კი – მოსაკრებელი ამანათებზე100 ლარი. ცვლილებების ამოქმედებამდე 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი აღნიშნული მოსაკრებლისგან თავისუფალი იყო.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close