მესოლოგის ალყის გარღვევა – საბერძნეთის განმათავისუფლებელი ომის გმირული ფურცელი
როგორ იბრძოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ ბერძნული ქალაქი, სადაც ბაირონი გარდაიცვალა და რომლის ალყაში მოსაქცევად ჯარს ქართველი მიუძღოდა
დღეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ერთ-ერთ ტრაგიკულ ფურცელს ქალაქ მარიუპოლის ალყა წარმოადგენს, რომელიც თითქმის სამი თვე გაგრძელდა. მარიუპოლი თავისუფლებისთვის უკრაინელთა ბრძოლის სიმბოლოდ იქცა და ამ ქალაქის დამცველების თავგანწირვამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აგრესორის წინააღმდეგ უკრაინელი ერის გაერთიანებაში.
მსგავსი ისტორია მოხდა საბერძნეთის რევოლუციის დროს, რომელიც 1821 წელს ოსმალეთის ბატონობისგან გათავისუფლების მიზნით დაიწყო და დაახლოებით 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და, ამავე დროს, ტრაგიკულ მოვლენას ე.წ. მესოლოგის გამოსვლა (Έξοδος του Μεσολογγίου) ანუ ალყის გარღვევის მცდელობა წარმოადგენდა.
რევოლუციის დაწყებისთანავე მესოლოგი გახდა მისი მთავარი ცენტრი დასავლეთ საბერძნეთში, ამიტომაც ოსმალებმა არაერთხელ ცადეს ამ ქალაქის აღება. პირველი უშედეგო მცდელობა 1822 წლის დეკემბერში იყო, მეორე კი – 1823 წლის სექტემბერ-ოქტომბერში.
საგულისხმოა, რომ მეორე ალყის შემდეგ ქალაქში ლორდი ბაირონი ჩავიდა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქალაქის მკვიდრთ თავისი მხარდაჭერა გამოუცხადა. უდიდესი ინგლისელი პოეტი სწორედ მესოლოგში გარდაიცვალა 1824 წლის 19 აპრილს. ხშირად შეცდომით წერენ, რომ ბაირონი ქალაქის დაცვაში მონაწილეობდა. რეალურად მან ეს ვერ მოახერხა ვერც მეორე და ვერც მესამე ალყის დროს, მაგრამ მისი წვლილი საბერძნეთის რევოლუციაში უზარმაზარია. მესოლოგში ბაირონის გარდაცვალების გამო ამ ქალაქმა დიდი ყურადღება მიიპყრო მისი მესამე, ყველაზე ტრაგიკული ფინალის მქონე ალყის დაწყებამდე.
მესოლოგის მესამე ალყა 1825 წლის 15 აპრილს დაიწყო. ოსმალების თითქმის 40-ათასიან ჯარს ხელმძღვანელობდა მცირე აზიის ქალაქ ქუთახიას მმართველი მეჰმედ რაშიდ ფაშა, წარმოშობით ქართველი, მღვდლის შვილი, რომელიც ბავშვობაში ოსმალეთის მნიშვნელოვანმა მოხელემ ჰუსრევ ფაშამ მონათა ბაზარზე იყიდა. ჰუსრევ ფაშას ძალიან მოეწონა თავისი ხელქვეითი, მასში ენერგიული და უნარიანი ადამიანი დაინახა. ასე დაიწყო მეჰმედ რაშიდ ფაშად წოდებული ქართველი ტყვის თავბრუდამხვევი კარიერა ოსმალეთის იმპერიაში.
1825 წლის დეკემბერში ოსმალების დასახმარებლად მესოლოგისკენ ეგვიპტური ფლოტი გაემართა იბრაჰიმ ფაშას ხელმძღვანელობით. 1826 წლის იანვრის დასაწყისში ბერძნულმა ფლოტმა უკანასკნელად მოახერხა სურსათითა და იარაღით ქალაქის დამცველების მომარაგება. თებერვალში ქალაქში სასურსათო კრიზისი დაიწყო. იბრაჰიმ ფაშამ ბერძნებს დანებება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
მარტში მესოლოგში შიმშილი დაიწყო. ქალაქის მცხოვრებლები კატებს, ძაღლებს და ვირთხებს ჭამდნენ, დაფიქსირდა კანიბალიზმის შემთხვევებიც. მიუხედავად ამისა, მათ კიდევ ერთხელ თქვეს უარი დანებებაზე.
საბოლოოდ, ალყაშემორტყმულებმა უკანასკნელ საშუალებას მიმართეს და 1826 წლის 10 აპრილს ქალაქიდან გამოსვლით, მტერზე მოულოდნელი თავდასხმით ცადეს ალყის გარღვევა. ამ თავგანწირულ მცდელობას ათასობით ბერძენი შეეწირა. მესოლოგის მშვიდობიანი მოსახლეობა – მოხუცები, ბავშვები და ქალები ცალკე კოლონის სახით ეცადნენ ქალაქის დატოვებას, თუმცა თითქმის ყველა მათგანი დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლი გახდა. მესოლოგის ალყის გარღვევა მხოლოდ 1250-მა მებრძოლმა და 30-მდე მშვიდობიანმა მოქალაქემ მოახერხა. მათ შორის მხოლოდ 13 იყო ქალი.
მესოლოგის გმირულმა დაცვამ და გარღვევამ საზოგადოებრივი აზრი ევროპაში ბერძნების სასარგებლოდ შეცვალა – ინტელიგენციასა და ახალგაზრდობაში ფილელინიზმის ტალღა აღძრა. მესოლოგი დელაკრუას და ლანგლუას, გოეთესა და მილერის შემოქმედების თემა გახდა. საბერძნეთის რევოლუციის საბოლოო გამარჯვებაში მესოლოგის დამცველთა გმირობამ გადამწყვეტი მნიშვნელობა მოიპოვა.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები