fbpx
პოლიტიკა

ოდესაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

დღეიდან, პირველი ივლისიდან უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი აამოქმედა

რუსეთის არმიამ მორიგი ავიაიერიში მიიტანა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე. „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, რაკეტა ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონის საკურორტო დასახლება სერგეევკაში ცხრასართულიან სახლს და 2 დასასვენებელ ბაზას მოხვდა. დილის 9-ის ნახევრისთვის გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 2 ბავშვი; 30 ადამიანი დაშავდა, მათგან 3 ბავშვია.

სამაშველო ოპერაცია ღამით მიმდინარეობდა. დანგრეულია სახლის ერთი სადარბაზო. როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონზე იერიში რუსეთის სტრატეგიული ავიაციის Ту-22 მოდელის თვითმფრინავებმა შავი ზღვის საჰაერო სივრციდან მიიტანეს 3 რაკეტით Х-22.

გუშინ ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვშიც, თუმცა დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

როგორც ცნობილია, გუშინ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის კუნძული ზმეინი დატოვეს, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღეს, 24 თებერვალს დაიკავეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზმეინის დატოვება მათი კეთილი ნების ნაბიჯი იყო, სინამდვილეში კუნძული უკრაინელმა მებრძოლებმა რამდენიმე იერიშის შედეგად დაიბრუნეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „კუნძულ ზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას შავ ზღვაში“. მან მადლობა გადაუხადა ყველა სამხედრო მოსამსახურეს, დაზვერვის სამსახურს და მფრინავებს, რომლებმაც ზმეინის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანეს.

რუსმა ჯარისკაცებმა კუნძულის დატოვებამდე ტერიტორია დანაღმეს. ამჟამად ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.

რაც შეეხება სიტუაციას ყველაზე ცხელ წერტილებში: დონბასში უკრაინელებმა რუსეთის არმიის რამდენიმე იერიშის მოგერიება შეძლეს. ყველაზე რთული ვითარებაა ლუჰანსკის ქალაქ ლისიჩასნკთან, რომელიც ინტენსიურად იბომბება. არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი ქალაქ ბახმუტსა და სალავიანსკზეც განაახლებს შეტევას.

რუსმა დამპყრობლებმა საომარი მოქმედებები გააქტიურეს კრამატორსკის მიმართულებით, აგრეთვე, ცდილობენ, რომ კონტროლი დაამყარონ ლუჰანსკის ოლქზე.

დღეიდან, პირველი ივლისიდან უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გაუქმდა უვიზო რეჟიმის რუსეთთან და რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრა სურთ, ვიზის გაფორმება მოუწევთ, თუმცა უკრაინული მხარე აფრთხილებს მათ, რომ ვიზა არ იქნება 100%-იანი გარანტია უკრაინის ტერიტორიაზე მოსახვედრად.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close