fbpx
ვიდეოკულტურასაქართველო

ქართველების ისტორიული მნიშვნელობის კონცერტი „სიქსტის კაპელაში“ (ვიდეო)

ვატიკანში, „სიქსტის კაპელაში“ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა კონცერტი გამართა, რომელიც ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. „სიქსტის კაპელაში“  სხვა ქვეყნიდან მუსიკოსების მიწვევა უიშვიათესი შემთხვევაა.

კონცერტის დაწყებამდე „სიქსტის კაპელაში“ შეკრებილებს სიტყვით წმიდა საყდრის ქრისტიანთა ერთიანობის ხელმშემწყობი კომისიის პრეზიდენტმა, კარდინალმა კურტ კოხმა მიმართა. ისტორიულ ღონისძიებას სხვა კარდინალებიც ესწრებოდნენ.

კონცერტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ვატიკანში პირველი ვიზიტის 40 წლისთავს და წმინდა საყდარსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა.

როგორც ვატიკანის პრესა წერს ამ დღეებში, როდესაც 1980 წელს ილია მეორე ესტუმრა ვატიკანსა და რომის მაშინდელ პაპს, სწორედ მაშინ დაიგეგმა, რომ ორი ცივილიზაციის კულტურული ურთიერთობები მჭიდრო გამხდარიყო. როგორც ამბობენ, მას შემდეგ ამის არაერთი მცდელობა იყო.

2019 წელს რომის პაპმა ფრანცისკემ ილია მეორე თავისთან, ვატიკანში მიიწვია და მაშინ გადაწყდა, რომ საქართველოს პატრიარქის 1980 წლის ვიზიტის 40 წლის თავზე ეს საიუბილეო თარიღი ერთად აღენიშნათ. ამ დროს დაემთხვა პანდემია…

კონცერტი საქართველოს პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის გასულ წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა.

კონცერტზე საგალობლებთან, ქართული ფოლკლორის უძველეს ნიმუშებთან ერთად ქართული საგუნდო მუსიკის შედევრებიც შესრულდა. კონცერტის ბოლოს საპატრიარქო გუნდმა „ავე მარია“ სიქსტის კაპელის გუნდთან ერთად შეასრულა.

თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა საპატრიარქო გუნდი 29 ივნისს ქართულ საგალობლებს კვლავ შეასრულებს წმ. პეტრეს ბაზილიკაში, პაპ ფრანცისკესა და ვატიკანში ვიზიტად მყოფი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის თანდასწრებით.

ცნობისთვის, „სიქსტის კაპელა“ რომის პაპის ოფიციალურ რეზიდენციაში – სამოციქულო სასახლეში მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც პაპის კონკლავი იმართება. „სიქსტის კაპელა“ მსოფლიოში ცნობილია მიქელანჯელოს ფრესკით „განკითხვის დღე“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close