მსოფლიოპოლიტიკა

საბერძნეთის პრემიერი ჩემთვის აღარ არსებობს, არასდროს დავთანხმდები მასთან შეხვედრას – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მისთვის „აღარ არსებობს“. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

თურქეთის ლიდერმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტის დროს თურქეთისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მიყიდვის დაბლოკვის მცდელობაში დაადანაშაულა.

„ჩვენ შევთანხმდით, არ ჩავრიოთ მესამე ქვეყნები ჩვენს დავაში. ამის მიუხედავად გასულ კვირას მას ჰქონდა ვიზიტი აშშ-ში, მან ისაუბრა კონგრესში და გააფრთხილა ისინი, არ მოეცათ ჩვენთვის F-16-ები. ის ჩემთვის აღარ არსებობს. მე არასდროს დავთანხმდები მასთან შეხვედრას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზას პატივცემულ პოლიტიკოსებთან ერთად“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთსა და საბერძნეთს რამდენიმე საკითხზე აქვთ უთანხმოება, მათ შორის, საზღვაო საზღვრების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფის ფარგლები და კვიპროსის საკითხი.

ერდოღანის განცხადების შემდეგ საბერძნეთის მთავრობის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი მიცოტაკისი იცავს საბერძნეთის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალს. საბერძნეთის მთავრობის განცხადებით, საბერძნეთის საგარეო პოლიტიკა ასევე ეფუძნება მის კავშირებს.

„ჩვენ არ შევალთ თურქეთის ხელმძღვანელობასთან კონტრარგუმენტებში. ჩვენი პოლიტიკა პრინციპების პოლიტიკაა“, – განაცხადეს საბერძნეთის მთავრობაში.

1tv.ge

nostal.ge: შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის წლებია დაძაბული ურთიერთობაა რამდენიმე საკითხის გამო და ეს დაძაბულობა პერიოდულად მწვავდებოდა ხოლმე. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი, მარტის დასაწყისში თითქოს მათ შორის ურთიერთობის დათბობის რეალური პერსპექტივა გაჩნდა. 13 მარტს სტამბოლში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართა. ერთობლივი სადილი, რომელიც ერდოღანმა მოაწყო ვაჰდეტინის საპრეზიდენტო სასახლეში, 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ორივე მხარე საუბრობდა ამ შეხვედრის ძალიან უშუალო და კარგ ატმოსფეროზე. გაჩნდა იმედი, რომ სადავო საკითხებში ურთიერთობების მოგვარებაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნებოდა, თუმცა მიცოტაკისის კონგრესში გამოსვლის შემდეგ ეს პერსპექტივა უკვე საეჭვო ჩანს.

მსგავს თემაზე:  საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა – რა შეცვალა უკრაინის მოვლენებმა ორი ქვეყნის დაძაბულ ურთიერთობაში? (ვიდეო)

ორ ქვეყანას შორის „დათბობის“ კიდევ ერთი ნაბიჯი? – თურქეთი საბერძნეთს ეგეოსის ზღვის ერთობლივ ექსპლუატაციას სთავაზობს, საბერძნეთი დადებითადაა განწყობილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close