მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთში ანომალიური სიცხე დაიჭირა – მაისი შესაძლოა საუკუნის ყველაზე ცხელი თვე გამოდგეს

ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ 44°C-ს მიაღწია

ესპანეთში ანომალიური სიცხე დაიჭირა, რომელიც, მეტეოროლოგების პროგნოზით მომავალი კვირის ბოლომდე გაგრძელდება და 15°C-ით მეტი იქნება სეზონის საშუალო მაჩვენებელზე, ეს კი ნიშნავს, რომ წლევანდელი მაისი შესაძლოა ბოლო 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში (რაც დაკვირვება წარმოებს) ყველაზე ცხელი თვე გამოდგეს. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურამ 44°C-ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში ყოველწლიურად დაახლოებით 2000 ადამიანი იღუპება მეტისმეტი სიცხის გამო. ძირითადად, იღუპებიან ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ ქრონიკული დაავადებების ან გადატანილი მძიმე სენის გამო.

ესპანეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს სპეციალისტი რუბენ დე კამპო ამბობს, რომ მომდევნო წლებში ევროპის სამხრეთ ნაწილში კლიმატი სულ უფრო და უფრო ცხელი გახდება.

მისივე თქმით, შეიძლება იმის მტკიცება, რომ ჩრდილოეთ აფრიკის კლიმატი სამხრეთ ევროპაში გადმოინაცვლებს და, სავარაუდოდ, 21-ე საუკუნის შუა პერიოდში ევროპის სამხრეთ ნაწილში გვალვის უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური პერიოდები, შესაბამისად, უფრო მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. მაგალითად, ესპანეთის ქალაქ ლა კორუნიას კლიმატი, სადაც შედარებით გრილი ზაფხული იცის, შესაძლოა მაროკოს ქალაქ კასაბლანკის კლიმატს დაემსგავსოს.

ბარსელონის რაიონში ჰაერის ტემპერატურა ჯერჯერობით 30°С-ს არ ასცდენია, მომავალ კვირაში კი მოსალოდნელია წვიმა და შედარებით აგრილება, თუმცა ბარსელონისთვისაც მაისში 29°С, რომელიც გასულ კვირას დაფიქსირდა, რეკორდულია. ასეთი სიცხე ამ რეგიონში, ჩვეულებრივ, მხოლოდ აგვისტოში იცის.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: 6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close