საზოგადოებასაბერძნეთი

ცრუ განგაში: საბერძნეთში მაიმუნის ყვავილის შემთხვევა არ დადასტურდა

ΕΟΔΥ (საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაცია) იტყობინება, დიდი ბრიტანეთიდან შემოსულ ტურისტს ლაბორატორიული კვლევების შედეგად  მაიმუნის ყვავილი არ დაუდასტურა – მას ჩვეულებრივი ჩუტყვავილა აღმოაჩნდა.  მოთავსებული.

EODY-ს განცხადებას protothema ავრცელებს:

„ატიკონის“ საავადმყოფოში მოთავსებული მამაკაცის ლაბორატორიული ნიმუშის კვლევამ, რომელზეც დაავადების ეჭვი არსებობდა, არ დაადასტურა მაიმუნის ყვავილი, ამავე დროს, ნიმუშის ორმა განმეორებითმა ტესტმა ჩვეულებრივი ჩუტყვავილა დაადასტურა. ანალიზები ჩატარდა თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიასა (Εργαστήριο Μικροβιολογίας, Ιατρική Σχολή ΑΠΘ) და „ატიკონის“ საავადმყოფოს მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში (Εργαστήριο Μικροβιολογίας του Νοσοκομείου ΑΤΤΙΚΟΝ).

ჩუტყვავილას ვირუსი განსხვავდება ვირუსისგან, რომელიც მაიმუნის ყვავილს იწვევს. არსებობს კორელაცია სიმპტომებსა და კანის დაზიანებების გამოვლენაში, რომლებსაც ჩუტყვავილა, ყვავილი და მაიმუნის ყვავილი იწვევს. ადამიანთა პოპულაციაში ყვავილი 1980 წლიდან აღარ არსებობს, ეს დაავადება სრულად ამოიძირკვა, ჩუტყვავილა კი გავრცელებული დაავადებაა და წელიწადში დაახლოებით 4 მილიონი ბავშვი ინფიცირდება ჩუტყვავილას ვირუსით. არსებობს ჩუტყვავილას  ვაქცინა, ამიტომ მისი ვირუსი გაცილებით მსუბუქ დაავადებას იწვევს, ვიდრე ყვავილის ვირუსი იწვევდა“.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთიდან საბერძნეთში დასასვენებლად ჩასულ ტურისტს, 29 წლის მამაკაცს, რომელსაც მეგობარი ქალიც ახლავს, გასულ შაბათს კეფალონიაში ყვავილით დაავადების მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდა და სპეციალისტებმა მაიმუნის ყვავილზე მიიტანეს ეჭვი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ტურისტის თანმხლებ ქალს შესაძლოა მაიმუნის ყვავილის უსიმპტომო ფორმა ჰქონდა, ამიტომ წყვილი ყველა საჭირო წესის დაცვით მკაცრ იზოლაციაში მოათავსეს ატიკის საავადმყოფოში (Αττικό Νοσοκομείο). შაბათს მამაკაცს ანალიზები ჩაუტარეს და ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ მაიმუნის ყვავილი არ დადასტურდა.

EODY-ს პრეზიდენტი, პროფესორი თეოკლის ზაუტისი აცხადებს, რომ მაიმუნის ყვავილი არ არის ისე გადამდები, როგორც კორონავირუსი, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში და, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში უკვე არის დადასტურებული ამ დაავადების ცალკეული შემთხვევა: ესპანეთში – შვიდი, 22 საეჭვო შემთხვევას იკვლევენ; ერთი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაშიც; ბრიტანეთში დაფიქსირებული 3 შემთხვევიდან ორი პაციენტი ნიგერიიდან არის ჩასული, ერთი კი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, რომელსაც ვირუსი პაციენტისგან გადაედო. გერმანიაში კი 23 მაისისთვის 4 შემთხვევა იყო ლაბორატორიულად დადასტურებული.

ნინო ბაჯელიძე

ამავე თემაზე: რა არის მაიმუნის ყვავილი, როგორ ვრცელდება, როგორია სიმპტომები და წარმოადგენს თუ არა გლობალურ საფრთხეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close