მსოფლიოპოლიტიკა

ომის დანაშაულში ბრალდებულ რუს სამხედროს კიევის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულში ბრალდებულ 21 წლის რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

შიშიმარინს უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქის განზრახ მკვლელობასა და „ომის კანონებისა და წესების დარღვევაში“ ედებოდა ბრალი. პირველი სასამართლო სხდომა ამ საქმეზე 13 მაისს გაიმართა.

ვადიმ შიშიმარინი 21 წლისაა. იგი მოსკოვის ოლქის კანტემიროვის მე-4 სატანკო დივიზიაში მსახურობდა, იყო სატანკო დივიზიის განყოფილების მეთაური.

უკრაინელი სამართალდამცველების ცნობით, 28 თებერვალს სუმის რაიონის სოფელ ჩუპახოვკაში ბრალდებულმა ესროლა უიარაღო მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც ველოსიპედით მიდიოდა გზის განაპირა ბილიკზე და თან ტელეფონით საუბრობდა. 62 წლის მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა თავისი სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში.

ვადიმ შიშიმარინმა ბრალი აღიარა.

ეს პირველი სასამართლოა რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე.

2 დღის წინ უკრაინის პროკურატურამ დაასახელა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ომის დანაშაულში – ეს არის რუსეთის არმიის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის როტის მეთაური ვასილი ლიტვინენკო. იგი ბრალდებულია მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობასა და ომის წესებისა და კანონების დარღვევაში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close