მსოფლიოპოლიტიკა

ომი უკრაინაში: „აზოვსტალს“ მთლიანად რუსები აკონტროლებენ (ვიდეო), რუს სამხედროს ომის დანაშაულისთვის განაჩენი გამოუტანეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატი „აზოვსტალი“ სრულად გაათავისუფლეს უკრაინელი მებრძოლებისგან.

„მარიუპოლში მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორია, სადაც მიმდინარე წლის 21 აპრილიდან უკრაინელი ბოევიკების ჯგუფი „აზოვი“ იყო ბლოკირებული, სრულად გათავისუფლებულია“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „აზოვსტალში“ გამაგრებულმა უკრაინელმა სამხედროებმა მიიღეს სიგნალი: შეუძლიათ გამოვიდნენ და საკუთარი სიცოცხლე გადაარჩინონ.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 16 მაისიდან მოყოლებული, რუსეთის არმიას ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებული 2 439 მებრძოლი ჩაბარდა. „დღეს, 20 მაისს ტყვედ ჩაბარდა ბოლო ჯგუფი, 531 მებრძოლის შემადგენლობით“, – ნათქვამია ტელეგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, „აზოვის“ მეთაური ტერიტორიიდან სპეციალური ჯავშანმანქანით გაიყვანეს, თუმცა მისი დაკავების ფოტო ან ვიდეო არ ვრცელდება და ზუსტად არ არის ცნობილი, რა ხდება დენის პროკოპენკოს თავს.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს „აზოვსტალიდან“ გამოსული უკრაინელი დამცველების ბოლო ჯგუფი.

უკრაინული მხარის განცხადებით, მარიუპოლის დამცველებმა დავალება წარმატებით შეასრულეს, მათი გმირული ბრძოლის გამო მტერი იძულებული იყო, უარი ეთქვა კიევის ოკუპაციაზე და შეფერხდა ფრონტის სხვადასხვა ხაზზე. ამასთან, უკრაინის სამხედრო მეთაურობის განცხადებით, უკრაინისთვის მარიუპოლის ბლოკადის მოხსნა სამხედრო გზით შეუძლებელი იყო სათანადო სამხედრო შეიარაღების (ძირითადად, მძიმე ტექნიკის) უქონლობის გამო. დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს, ამა თუ იმ ფორმით, ტყვეთა გაცვლის გზით, სახლში დააბრუნებენ და ამ პროცესში, შეთანხმების თანახმად, გაერო, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, უკრაინის და რუსეთის მხარეები იქნებიან ჩართულები.

***

კიევში დასრულდა ომის დანაშაულში ბრალდებული პირველი რუსი სამხედროს, ვადიმ შიშიმარინის სასამართლო პროცესი. 21 წლის რუსი სერჟანტისთვის პროკურატურა სამუდამო პატიმრობას ითხოვდა. კიევის სასამართლო განაჩენს 23 მაისს გამოაცხადებს.

ვადიმ შიშიმარინი

უკრაინის პროკურატურამ დაასახელა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ომის დანაშაულებში – ეს არის რუსეთის არმიის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის როტის მეთაური ვასილი ლიტვინენკო. იგი ბრალდებულია მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობასა და ომის წესებისა და კანონების დარღვევაში.

***

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close