მიგრაციაქართველები უცხოეთში

„დღეს ერთად უნდა გვეზეიმა“ – ემიგრაციაში მყოფი მასწავლებელი ყოფილ მოსწავლეებს მიმართავს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელი, ემიგრაციაში მყოფი ნუნუ კვასხვაძე სკოლის დამთავრებას ულოცავს ყოფილ მოსწავლეებს და შორიდან ულოცავს გზას მათ.

„ისევ ბოლო ზარი და ისევ ჩემეული გაცილებით. მიყვარხართ, საქართველოს მომავალო. ის, რაც ჩვენ გავაფუჭეთ და რასაც ვერ მოვუარეთ, თქვენ შეეშველეთ თქვენს სამშობლოს. გთხოვთ, ფეხზე დააყენეთ. არაჩვეულებრივი მომავალი მოდიხართ. დამსხვრეული სტერეოტიპებით და არტახაგლეჯილი თავისუფალი აზროვნებით. საიმედო და დასაყრდენი. თქვენ ხართ ხსნა და იმედი. უფალმა დაგლოცოთ ყველა, ვისაც დღეს ბოლო ზარი გაქვთ. ბოლო სკოლის ზარი, მაგრამ ცხოვრების დაწყების პირველი ზარი. სამშობლოს სამრეკლოზე დღეს ზარი ირეკება: თქვენ მოდიხართ მომავლიდან.

დღეს ერთად უნდა გვეზეიმა…დღეს სიყვარული უნდა გაგვეცვალა ერთმანეთში და ლამაზი სადღეგრძოლების შეჯიბრი უნდა გაგვემართა. მე პატიებას გთხოვთ, რადგან თქვენთან არ ვარ დღეს და ფერებით შეფერებულები არ ვაფერადებთ ბოლო ზარს!!! მე-12 კლასელებო, უკვე დიდებო და ბოლომდე ჩემებო, მე ერთ სადღეგრძელოს აქედან გეტყვით (ცხრა მთისა და ზღვის გადაღმიდან ), საიდანაც, არც კავკასიონი ჩანს და არც ზღვაური უბერავს საამოდ, არც ჩვენნაირად იციან სადღეგრძელოები. აქ, გაზაფხულიც არ მოდის ჩვენში, რომ იცის ისეთი. უბრალოდ, დრო გადის და თან ისე სწრაფად, კალენდარის გადაფურცვლასაც ვერ ვასწრებ მე ჩემი სადღეგრძელოთი გზას დაგილოცავთ: არ მინდა ბანალური ფრაზებით დავაკნინო. უბრალოდ და მარტივად გლოცავთ და გთხოვთ: გაუფრთხილდით სამშობლოს. სიყვარულით იცხოვრეთ და წაქცევისას ერთმანეთს ხელი შეაშველეთ. გაჭირვებაში არასოდეს მიატოვოთ მოყვასი, დალხინებისას იფიქრეთ დაულხინებელზე… მაძღრობისას – მშიერზე. სამშობლოდან შორს – სამშობლოზე. მაპატიეთ, რომ ფერად ბუშტებს თქვენი სახელებით არ ვუშვებთ ჰაერში… მერე კიჟინით არ ვეშვებით და ბოლო ზარს ერთად არ ვზეიმობთ… ბოლომდე, გაგიჟებით“, – წერს ნუნუ კვასხვაძე.

gurianews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close