მიგრაცია

ისრაელში დასაქმების მიზნით 119 ადამიანი სპეციალურ კურსს გადის

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროგრამით სარგებლობის მიზნით საქართველოს მოქალაქეები კვლავ გადამზადებას გადიან.

გასულ წელს ამოქმედებული პროგრამით ამ დრომდე არავინ დასაქმებულა, თუმცა როგორც სააგენტოში ამბობენ, ამ ეტაპზე სპეციალურ გადამზადებას 100-ზე მეტი ადამიანი გადის.

„როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ისრაელის მხარის მიერ მოთხოვნილია შინმოვლის სპეციალისტთა საკმაოდ დიდი რაოდენობა. მათი სურვილია, რომ დასაქმების მსურველთა გამგზავრება მოხდეს ერთდროულად ან დროის მცირე ინტერვალით.

ამ თვალსაზრისით კი ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენდა ის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ფლობენ ზემოხსენებულ სპეციალობაში განათლების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს. აღნიშნულ საკითხზე საპასუხოდ, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შემუშავდა მოკლევადიანი (144-საათიანი, ერთი თვის ხანგრძლივობის) კურსი გერიატრიული ასისტენტის სპეციალობით.

ამჟამად სწავლება მიმდინარეობს 6 სასწავლო დაწესებულებაში და ჯამში სულ აღნიშნულ კურსს გადის 119 პირი. ცხადია, გარდა შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებისა, შეთანხმება ითვალისწინებს სხვა კრიტერიუმებსაც, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, კურსის გავლის შემდგომ მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ დროებით, ლეგალურად სახელმწიფოთა შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმება არ ითვალისწინებს რაიმე დროში შეზღუდვას“, – უთხრეს BMG-ს სააგენტოში.

საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი გასული წლის აპრილიდან დაიწყო.

ისრაელსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმება შეუძლიათ. სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოს ხანგრძლივობა 6 სამუშაო დღეა კვირაში, სრული განაკვეთი. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით 5300 შეკელს შეადგენს, რაც დაახლოებით 1600 დოლარია.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close