კრიმინალისაბერძნეთი

ბერძენ პილოტს ცოლის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, ძაღლის მოკვლისთვის – კიდევ 10 წელი და ჯარიმა

სამუდამო პატიმრობა საკუთარი ცოლის, კეროლაინ ქრაუჩის მკვლელობისთვის, პლუს 10 წელი ოჯახის ძაღლის მოკვლისთვის – ასეთი განაჩენი გამოუტანა პილოტ ბაბის ანაღნოსტოპულოსს ათენის სისხლის სამართლის სასამართლომ დღეს, 16 მაისს, დანაშაულის ჩადენიდან ერთი წლის შემდეგ.

ამას გარდა, 34 წლის მსჯავრდადებულს დაეკისრა ჯარიმა 21 ათასი ევროს ოდენობით: 20 000 – ცხოველის მოკვლისთვის და ათასი ევრო – პოლიციისთვის ცრუ ჩვენებების მიცემისთვის.

მცირე სამართალდარღვევისთვის კი მას მიესაჯა ერთი წელი პატიმრობა ციხეში პოლიციისთვის „ცრუ ჩვენებების“ მიცემისა, ხოლო  3 წელი პირობითი სასჯელი და 3500 ევროს ოდენობის ჯარიმა „ხელისუფლებისთვის ცრუ შეტყობინების გამო“.

ათენის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებამდე, ორშაბათს დილით ათენის შერეულმა სასამართლომ ნაფიც მსაჯულებთან ერთად ერთხმად ცნო პილოტი ბაბის ანაღნოსტოპულოსი დამნაშავედ საკუთარი 20 წლის ცოლის, წარმოშობით ბრიტანელი კეროლაინ ქრაუჩის მკვლელობაში. მკვლელობა ჩადენილი იყო „გულცივად“ და „განზრახ“ – ასეთია სასამართლოს ვერდიქტი.

მოსამართლეებმა და ნაფიცმა მსაჯულებმა, როგორც აღვნიშნეთ, ბრალდებული დამნაშავედ ცნეს კიდევ ერთ მძიმე დანაშაულში – ოჯახის ძაღლის მკვლელობაში და ორ მცირე სამართალდარღვევაში.

ნაფიცმა მსაჯულებმა ასევე ერთხმად თქვეს უარი, მიეღოთ ბრალდებულის ნებისმიერი მცდელობა შემამსუბუქებელი გარემოებების მისაღწევად, როგორიცაა: „აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაული“ ან მისი წინა „კანონმორჩილი ცხოვრება“ და „კარგი ქცევა“ საპატიმროში ყოფნისას სასამართლოს მოლოდინში.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ბერძენმა პილოტმა ბაბის ანაღნოსტოპულოსმა 2021 წლის 11 მაისს თავისი 20 წლის ცოლი კეროლაინ ქრაუჩი გაგუდა და საკუთარი ძაღლი მოკლა. წყვილის შვილი იმ დროისთვის 11 თვის იყო. მან ინსცენირება მოაწყო, თითქოს უცნობები თავს დაესხნენ გაძარცვის მიზნით და ცოლი და ძაღლი მოუკლეს, თავად კი სკამზე მიბმული დატოვეს. პილოტი მკვლელობიდან 40 დღის შემდეგ დააკავეს – როდესაც პოლიციამ გააანალიზა მტკიცებულებები, ექსპერტიზის შედეგები და დაადგინა, რომ არავითარი თავდასხმა გაძარცვის მიზნით არ ყოფილა. ანაღნოსტოპულოსი ცოლის საფლავზე დააპატიმრეს (იგი მოყვარული ქმრის, დამწუხრებული და განადგურებული ქვრივის როლს კარგად თამაშობდა), რამდენიმე საათის შემდეგ კი მან დანაშაული აღიარა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ამ დანაშაულს საქართველოს მოქალაქეს აბრალებდნენ, რომელიც გახმაურებული მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს საბერძნეთის დატოვების დროს (მას პასპორტი არ ჰქონდა წესრიგში). ქართველ მამაკაცს პილოტის ოჯახზე თავდასხმასა და ახალგაზრდა ქალის მკვლელობას ედავებოდნენ. მას შემდეგ, რაც ნამდვილი დამნაშავის ვინაობა გაირკვა, ცნობილმა ბერძენმა ჟურნალისტმა ელენა აკრიტამ საქართველოს მოქალაქეს მადლობა გადაუხადა, რომ მძიმე ზეწოლას გაუძლო და არ აღიარა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია და შედეგად ნამდვილი დამნაშავე დააკავეს.

ნინო ბაჯელიძე

ამავე თემაზე: „მადლობა, ქართველო, რომ არ გატყდი!“ – ბერძნები საქართველოს მოქალაქის დასაცავად გამოვიდნენ, რომელსაც ცოლის მკვლელი პილოტი დანაშაულს აბრალებდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close