ქართველები უცხოეთში

„მადლობა, ქართველო, რომ არ გატყდი!“ – ბერძნები საქართველოს მოქალაქის დასაცავად გამოვიდნენ, რომელსაც ცოლის მკვლელი პილოტი დანაშაულს აბრალებდა

ბერძნული მედია და საზოგადოება საქართველოს მოქალაქის დასაცავად გამოვიდა. გიორგი ხარძეიშვილს, რომლის სახელი 2 თვის წინ საზარელ მკვლელობას უკავშირდებოდა, დღეს ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი ელენა აკრიტა იცავს. საქართველოს მოქალაქეს მადლობას უხდიან იმის გამო, რომ მან ციხეში წამებას გაუძლო და უარი განაცხადა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. 

„ქართველ მამაკაცს რომ ქეროლაინის მკვლელობა ეღიარებინა, ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა. ხარალამბოს ანაღნოსტოპულოსი ასე გააგრძელებდა, იქნებოდა უბედური მეუღლე და კარგი შვილი. მიხალის ხრისოხოიდისი (მინისტრი – რედ.) კიდევ ერთხელ დაამარცხებდა კრიმინალს და საზოგადოება მშვიდად იქნებოდა, რომ ერთი „ცუდი უცხოელი“ ციხეში ჩაჯდა. მადლობა ქართველო, რომ არ გატყდი!“ – დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.

გიორგი ხარძეიშვილი „კურიერს“ კორიდალოს ციხიდან დღესაც დაუკავშირდა. ის 20 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში უდანაშაულობის მიუხედავად, ისევ დაპატიმრებულია სხვა ბრალდების გამო, რასაც ასევე კატეგორიულად უარყოფს. „კურიერი“ ესაუბრა საქართველოს მოქალაქის უფლებების დამცველს, რომელიც ბერძნული მედიის ყველაზე მოთხოვნადი რესპონდენტია.

ხარძეიშვილი 11 მაისს საქართველოში მოდიოდა და საბერძნეთის საზღვარზე ყალბი ვიზით დააკავეს. იმავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე 11 თვის ჩვილის თვალწინ მოკლეს დედმისი –  დიდი ბრიტანეთის მოქალაქე 20 წლის ქეროლაინ ქრაუჩი. მისმა მეუღლემ პოლიციას უთხრა, რომ თავს დაესხა ყაჩაღური ჯგუფი, მათ შორის, ქართველი. უკვე დაკავებულ ხარძეიშვილს სამართალდამცველები აიძულებდნენ, გოგონას მკვლელობა საკუთარ თავზე აეღო. სასტიკ მკვლელობას ქართველის სახელი ბერძნულმა მედიამაც დაუკავშირა.

საქართველოს მოქალაქის შესაძლო წამების ობიექტურ გამოძიებას ითხოვს საბერძნეთში ქართული დიასპორა, რომელიც გიორგი ხარძეიშვილის დაკავების დღიდან პროცესებს მონიტორინგს უწევს.

მკვლელობიდან 40 დღის შემდეგ მოკლული ქეროლაინ ქრაუჩის საფლავზე მისი მეუღლე დააკავეს, რომელმაც აღიარა, რომ ოჯახური კონფლიქტის დროს ცოლი ჩვილის  თანდასწრებით ჯერ გაგუდა, შემდეგ კი ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო. მან ცოლთან ერთად საკუთარი ძაღლიც მოკლა, რათა ყაცაღობის ვერსია უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო. ბაბის ანაღნოსტოპულოსი ახლა იმავე ციხეშია, სადაც ქართველი, რომელსაც პილოტის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას ძალადობრივად აიძულებდნენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close