მსოფლიოქართველები უცხოეთში

ვინ არის ქართველი იუმორისტი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე გამოვიდა და დიდი ფულადი ჯილდო მოიგო (ვიდეო)

უკრაინული „გააცინე და მოიგეს“ ერთ-ერთი გამარჯვებული 2017 წელს ქართველი იუმორისტი, „მან-სან-კანის“ ეროვნული ნაკრების წევრი, თენგო შუკაკიძე გახდა, რომელიც ამჟამად რადიო „ფორტუნას“ თანამშრომელია.

თენგომ ახლახან „იუთუბზე“ ატვირთა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ წარდგა ის უკრაინული იუმორისტული გადაცემის, „გააცინე და მოიგეს“ ჟიურის წევრის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე. საქართველოში ზემოხსენებული გადაცემისთვის კასტინგი ნიკა მახვილაძემ გამართა. რამდენიმე იუმორისტი შეირჩა, მათ შორის იყო სწორედ თენგო შუკაკიძე, რომელმაც ზედმეტი ღელვის გარეშე გადაცემაში სოლიდური ფულადი პრიზი მოიგო. ქართველმა მონაწილემ ჟიურის წევრებს საქართველოდან ჭაჭა ჩაუტანა. მოგვიანებით, მისი საჩუქარი ზელენსკიმ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ატვირთა.

სამწუხაროდ, ფოტო, რომელიც თენგომ უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტთან წლების წინ გადაიღო, როდესაც მას უკვე ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა უკრაინაში, როგორც იუმორისტს, ქართველის არქივში აღარ იძებნება. სამაგიეროდ, არსებობს გამოსვლის ვიდეოჩანაწერი.

თენგო შუკაკიძემ fortuna.ge-სთან თავისი ცხოვრების საინტერესო მომენტი ვრცლად გაიხსენა:

„2017 წელს საქართველოში იყვნენ ჩამოსულები „გააცინე და მოიგეს“ უკრაინული ანალოგის წარმომადგენლები. კასტინგს ორგანიზება ნიკა მახვილაძემ გაუწია. შეირჩა ხუთი იუმორისტი, მათ შორის მეც გახლდით. პირველი ქართველი გავხდი, რომელმაც ამ უკრაინულ პროექტში 20 000 გრივნა მოიგო. მაშინ ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტი არ იყო, მაგრამ მას, როგორც იუმორისტს, ძალიან დიდ პატივს ვცემდი და ძალიან მინდოდა მის წინაშე გამოსვლა. იმ პერიოდში უკრაინაში იუმორისტულ პროექტებს ზელენსკი და მისი მეუღლე ხელმძღვანელობდნენ. მართალია, 50 000 ვერ მოვიგე, მაგრამ წაგებული არ წამოვსულვარ.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან სელფის გადაღება მოვახერხე, მაგრამ სამწუხაროდ, ის ფოტო წამეშალა და ჩემს არქივში ვერ შემოვინახე. უკვე მაშინ ძალიან პოპულარული იყო. „ხალხის მსახური“ უკვე გადაღებული ჰქონდათ. ამას გარდა, უამრავ ფილმში მონაწილეობდა ცნობილ კომიკოსებთან ერთად. მთელი უკრაინისთვის საყვარელი და კარგი ტიპი იყო. ჟიურის მეორე წევრი ვოვა კაშევოი გახლდათ.

გარდა თანხისა, ამ შოუში მონაწილეობით ჩემი ოცნება ავიხდინე, რომ საქართველოს სახელით გავსულიყავი ამ შოუში და ზელენსკის წინაშე მქონოდა გამოსვლის საშუალება.

საქართველოშიც გავსულვარ სამჯერ „გააცინე და მოიგეში“. უკრაინაში რომ ვმონაწილეობდი, ვფიქრობდი, ღმერთო, არ წავაგო და არ შევრცხვე, როგორც ქართველი-მეთქი, მაგრამ გასვლამდე ისე გამამხნევეს და ისე დამარწმუნეს მოგებაში, რომ არ მინერვიულია. სცენარისტებს წინასწარ ჰქონდათ ნანახი ჩემი ხუმრობები. იყო ერთი ხუმრობა, რომლის დაბლოკვასაც ველოდებოდი – „ქართველ მესაზღვრეს ტუალეტი რუსეთის ტერიტორიაზე აქვს“. მეგონა, ამას ამოჭრიდნენ, მაგრამ სიამოვნებით დამეთანხმნენ ამ ხუმრობაზე…

ჟიურის წევრებს ჭაჭა ჩავუტანე საჩუქრად, ბოთლებზე ზელენსკის და კაშევოის ორიგინალური ფოტოკოლაჟები დავურთე, წამყვანსაც მივართვი. ზელენსკის ტარხუნის ჭაჭა ჩავუტანე, რომ მწვანე შეფერილობის ყოფილიყო…

თავისთავად, თავიდან მქონდა მცირე დაძაბულობის შეგრძნება, მაგრამ როცა გავედი, ფეხი წამოვკარი, რაზეც თვითონაც იხალისეს და დარბაზის სიცილის ფონზე მეც ყველანაირი ღელვა მომეხსნა…“

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close