fbpx
ხელოვნებაიტალია

ლეონარდო და ვინჩის სასიკვდილო იარაღი

„მე შემიძლია ავაგო მსუბუქი ზარბაზნები, გადასატანად ადვილი. მათ შეეძლებათ აალებადი ნივთიერების გამოტყორცნა, რომლის კვამლი მოწინააღმდეგეს შორის პანიკას, ნგრევას და დაბნეულობას გამოიწვევს… მე შემიძლია ავაგო მორტირები, ცეცხლსასროლი მანქანები და სხვა მრავალი, რომლებსაც ერთდროულად მშვენიერი და სასარგებლო ფორმა ექნება… მოკლედ, მე შემიძლია შევქმნა თავდასხმისათვის აუცილებელი უთვალავი იარაღი“, – ასეთი რეზიუმე გაუგზავნა ცნობილმა მხატვარმა ლეონარდო და ვინჩიმ მილანის მმართველს (Duke) ლუდოვიკო სფორცას, როცა მასთან მუშაობას იწყებდა (სხვათა შორის, სწორედ მისი დაკვეთით შეასრულა და ვინჩიმ თავისი სახელგანთქმული ტილო „საიდუმლო სერობა“).

ეს იყო 1480 წელს. წერილში ჩამოთვლილია სამხედრო საიდუმლოებები, რომლებსაც სულ რაღაც 28 წლის  მხატვარი და გამომგონებელი ფლობდა. იგი ომს „სისულელეებიდან ყველაზე მხეცურს“ უწოდებდა, თუმცა მის ჩანაწერებში წყალქვეშა ომის წარმოების დეტალური პროექტიც არსებობს, რომელსაც მოწინააღმდეგისადმი მიძღვნილი ასეთი მინაწერი აქვს პირადად გამომგონებლისგან: „თუ ოთხი საათის შემდეგ არ დაგვნებდებით, ჩაიძირებით! ლ“.

ფაქტია, იმ სისხლიან საუკუნეში „მხეცური სისულელით“ მხატვრებიც ყოფილან გატაცებულნი. ლეონარდოს გენიით შექმნილ დანადგარებს შორის იყო არაერთი, იმ დროისათვის ჯერ კიდევ უცნობი საომარი ეტლების და ნაღმების, არტილერიის სხვადასხვა სახეობის, ტანკების, თვითმფრინავების და პარაშუტების პროტოტიპები. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნამდვილი ვერტმფრენი XIX საუკუნის 40-იან წლებამდე არ აგებულა, ლეონარდო და ვინჩის ესკიზები XV საუკუნის ბოლოდან ითვლება თანამედროვე საფრენი აპარატის წინამორბედად.

ლეონარდო და ვინჩი აქტიურად უწევდა რეკლამას თავის სამხედრო-ტექნიკურ იდეებს და მალე ცნობილი გახდა, როგორც საბრძოლო ინჟინერი. იმ დროისათვის მას უკვე გამოგონილი ჰქონდა ორთქლის ზარბაზანი – ძალზე გახურებულ კამერაში თბილი წყალი შეჰყავდათ, რომელიც იმ წუთასვე ორთქლად იქცეოდა და ბირთვს სტყორცნიდა. ეს უდიდესი საიდუმლო იყო. ისევე, როგორც ძველი ბერძნებისა და რომაელების ორთქლის იარაღები, ლეონარდოს ზარბაზანი შეიძლება ჯეიმზ უატის ორთქლის მანქანის წინამორბედად ჩაითვალოს.

ორთქლზე ექსპერიმენტების შემდეგ მხატვარი უცნაურ აღმოჩენამდე მივიდა – ეს იყო საომარი ეტლი მბრუნავი ნამგლებით, თუმცა თვით ავტორს ეს გამოგონება წარუმატებლად მიაჩნდა, რადგან მბრუნავი ნამგლები ცხენებს აფრთხობდა და ისინიც ქაოსს და არეულობას მტრის კი არა, საკუთარ ჯარში იწვევდნენ, მაგრამ ამ საშიშმა საბრძოლო იარაღმა სათავე დაუდო მომავლისთვის სრულიად მშვიდობიანი და საჭირო მოწყობილობების – კომბაინის, თივის მცელავი და თოვლგამწმენდი მანქანების აგებას.

და ვინჩის გარდა საომარი ტექნიკის ისტორიამ კიდევ ერთი მხატვრის სახელი შემოინახა. ეს იყო ინგლისელი კარიკატურისტი უილიამ ჰიტ რობინსონი, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. იგი მანქანებს სხვადასხვა უცნაური დეტალით კარიკატურის ფორმით ხატავდა. უცნაური იყო თვით მიზანი, რისთვისაც რობინსონი ამგვარ ტექნიკას იგონებდა, თუმცა მის მიერ დახატული მანქანების სტრუქტურის აბსურდულობის მიუხედავად სქემებში ბევრ ისეთ საჭირბოროტო პრობლემას წყვეტდა, რომლებიც ახალი მანქანებისა და დანადგარების დაპროექტებით დაინტერსებულ ინჟინრებს აწუხებდათ.

პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც მხატვარმა საბრძოლო ტექნიკის დაპროექტება დაიწყო, მისი პიროვნებით ბრიტანეთის გენერალური შტაბი დაინტერესდა. მათ სურდათ, გაერკვიათ, თუ საიდან ჰქონდა კარიკატურისტს ინფორმაცია საიდუმლო იარაღის შესახებ. რობინსონს დიდხანს მოუწია იმის მტკიცება, რომ ეს მისი ფანტაზიიის ნაყოფი იყო. სამხედროებს, ცხადია, ამის არ სჯეროდათ. ყველას როდი ესმოდა, რომ ტექნიკურ შემოქმედებასა და ხელოვნებას სადღაც თანხვედრის წერტილი აქვთ. მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ ავტორი გენიოსია! თუნდაც ის ომს „მხეცურ სისულელეს“ უწოდებდეს და მაინც ომობანას თამაშით ერთობოდეს. ოღონდ მხოლოდ ქაღალდზე!

თამთა გურული

p. s. დღეს გენიალური იტალიელი მხატვრის დაბადების დღეა – ლეონარდო და ვინჩი ზუსტად 570 წლის წინათ, 1452 წლის 15 აპრილს დაიბადა ფლორენციის რესპუბლიკაში, ქალაქ ვინჩის სიახლოვეს, სოფელ ანკიანოში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close