კრიმინალისაქართველო

საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები შედის – მკვლელობაზე სასჯელი მკაცრდება

„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლის გათვალისწინებით, მკვლელობაზე სასჯელი მკაცრდება. ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა. კანონპროექტის თანახმად, განზრახ მკვლელობისთვის დაწესებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ვადად, ნაცვლად დღეს მოქმედი შვიდი წლისა, განისაზღვრება ათი წელი.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ზოგიერთი განზრახ მკვლელობისთვის კი დღეს მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, – განმარტავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

დეპუტატის ცნობით, ინიცირებული ცვლილებით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ნებისმიერი სახის განზრახ მკვლელობისთვის განისაზღვრება 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

„აქედან გამომდინარე, მაგალითად, არასრულწლოვანის ან ორსული ქალის განზრახ მკვლელობისთვის შესაძლებელი გახდება უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. ამასთანავე, მკაცრდება სასჯელები ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანებისთვის.

წარმოდგენილი კანონპროექტით, ასევე, ახლებურად მოწესრიგდება სისხლის სამართლის პროცესში ციფრული მტკიცებულების მოპოვების წესი. კერძოდ, დღეს მოქმედი კოდექსი არ იძლევა შესაძლებლობას, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის გამოძიებისას გამოყენებულ იქნას მობილური ტელეფონით ან ვიდეოკამერით განხორციელებული ვიდეოჩანაწერი, მაშინ როცა ასეთი ვიდეოჩანაწერი ხშირად უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა. მაგალითად, ასეთი ვიდეომტკიცებულების განსაკუთრებული მნიშვნელობა ვლინდება ისეთი დანაშაულების გამოძიებისას, როგორიც არის ოჯახური ძალადობა, მუქარა, ადევნება, იძულება, სატრანსპორტო ხასიათის დანაშაული. ასეთი საქმეები ხშირად ხასიათდება ლატენტურობით და გამოსაძიებლად რთულია, ამიტომ ამ დანაშაულების გამოაშკარავება შესაძლებელია სწორედ მათი ამსახველი ვიდეჩანაწერის მეშვეობით. ეს საკანონმდებლო ცვლილებები მთლიანობაში ემსახურება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდას და პროპორციული სასჯელის განსაზღვრას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტის განხილვას მომდევნო კვირიდან შეუდგება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close