ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი დღეს მოსკოვში ჩაფრინდა ოფიციალური ვიზიტით და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა, ჟურნალისტების გარეშე. ორი ქვეყნის ლიდერებს არც მოლაპარაკების შემდეგ გაუმართავთ ერთობლივი პრესკონფერენცია ჟურნალისტებისთვის.
კარლ ნეჰამერი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პუტინს პირისპირ შეხვდა და მოლაპარაკება გამართა. შეხვედრა მოსკოვთან ახლოს, ნოვო-ოგარიოვოში 75 წუთს გაგრძელდა.
მანამდე, 2 დღით ადრე კარლ ნეჰამერი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ავსტრიული მედიის ინფორმაციით, ნეჰამერის და პუტინის შეხვედრა ხელის ჩამორთმევისა და ერთობლივი ფოტოგრაფიების გარეშე გაიმართა..
„ეს არ არის მეგობრული ვიზიტი. ახლახან ჩამოვედი უკრაინიდან, სადაც საკუთარი თვალით ვნახე განუზომელი ტანჯვა, რომელიც მას რუსულმა აგრესიულმა ომმა მიაყენა“, – ციტირებს გამოცემა Kurier-ი ავსტრიის კანცლერის სიტყვებს.
ნეჰამერის თქმით, პუტინს ძალიან „პირდაპირ, ღიად და მკაცრად ესაუბრა“, თუმცა, ზოგადად, პრეზიდენტ პუტინთან საუბრიდან ოპტიმისტური შთაბეჭდილება არ დარჩენია. „აშკარად მზადდება მასობრივი მასშტაბის შეტევა, რის გამოც მკაფიოდ განვაცხადე, რომ საჭიროა საერთაშორისო წითელ ჯვარს სტაბილური წვდომა ჰქონდეს“, – განაცხადა ნეჰამერმა ბრიფინგზე.
მისივე ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გამკაცრდება და რომ ევროპის ქვეყნები ამ საკითხთან დაკავშირებით ერთად დგანან.
„ჩემი მკაფიო გზავნილი იყო, რომ სანქციები გაგრძელდება, გამკაცრდება და ექნება გრძელვადიანი ზარალი რუსეთისთვის მომავალი ათწლეულების განმავლობაში. მე ასევე ვუთხარი მას, რომ პრეზიდენტ ზელენსკის სურს მასთან პირდაპირი კონტაქტი მოლაპარაკებების გასამართად. შესამჩნევი რეაქცია არ ყოფილა სტამბოლის მოლაპარაკებებზე მინიშნების გარდა“, – განაცხადა ავსტრიის ლიდერმა.
„ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი პუტინისადმი იყო ის, რომ ეს ომი საბოლოოდ უნდა დასრულდეს, რადგან ომს ორივე მხარეს მხოლოდ წაგებულები ჰყავს“, – ნათქვამია ავსტრიის კანცლერის განცხადებაში.
კომენტარები