მსოფლიოპოლიტიკა

„ბიბისის“ ცნობით, პუტინმა უკრაინაში საომარი მოქმედებების ხელმძღვანელი შეცვალა

კიევიდან უკან დახევისა და კრემლის მიერ ომში რუსული მხარის სერიოზული დანაკარგების აღიარების შემდეგ რუსეთმა საომარი ოპერაციების მეთაური შეცვალა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება დასავლელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს.

„ბიბისის“ ცნობით, ახალი ხელმძღვანელი გახდა არმიის გენერალი, სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების მეთაური ალექსანდრ დვორნიკოვი, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, მნიშვნელოვანი სამხედრო გამოცდილება აქვს მიღებული სირიაში რუსი სამხედროების საომარი მოქმედებების ხელმძღვანელობისას.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინაში შეჭრის მიზნების შესრულების გზაზე წარმოქმნილი პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ცუდი კოორდინაცია რუსეთის სხვადასხვა სამხედრო ოლქის იმ საჯარისო ნაწილებს  შორის, რომლებიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ. გენერალ დვორნიკოვს აქვს დავალება, ეს სიტუაცია შეცვალოს და უკეთეს კოორდინაციას მიაღწიოს.

სტატიის თანახმად, დასავლეთში დარწმუნებულები არიან, რუსულ ჯარს აქვს ამოცანა, უკრაინაში რაღაც წარმატებას მაინც მიაღწიონ 9 მაისისთვის, როდესაც რუსეთი გამარჯვების დღეს აღნიშნავს, მათ შორის, მოსკოვში პარადით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით. ამით უნდა აიხსნას დაჩქარებული მზადება დონბასზე შეტევისთვის მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ჩრდილოეთიდან ჯარები გაიყვანა. ასევე, აღნიშნავენ, რომ რუსებმა თავიანთ წარმატებად შეიძლება ჩათვალონ რუსეთის ხელმძღვანელობისთვის მისაღები მოლაპარაკებების შედეგებიც.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის ჯარებმა მთლიანად დატოვეს 3 ოლქი ჩრდილოეთ უკრაინაში – კიევის, ჩერნიგოვის და სუმის ოლქები. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ ეს სამხედრო დამარცხების გამო კი არ მოხდა, არამედ კეთილი ნების ჟესტია, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებები უზრუნველყონ.

დასავლეთის და უკრაინის დაზვერვის სამსახურები ამტკიცებენ, რომ რუსული ჯარები დონბასსა და ხარკოვის ოლქში კონცენტრირდებიან, რათა დარტყმების განხორციელება ცადონ დონბასში უკრაინული დაჯგუფების ალყაში მოსაქცევად. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაური კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის ხარკოვზე შეტევაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საომარი ოპერაციების ხელმძღვანელის შეცვლის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია, არც ის განუცხადებია, ვინ ხელმძღვანელობდა ოპერაციებს 24 თებერვლიდან.

„ბიბისის“ წყაროს – ანონიმი ჩინოვნიკის თქმით, ვარაუდობენ, რომ რუსეთს 100-მდე ბატალიონი ტაქტიკური ჯგუფები ჰყავს, რომლებიც საომარი ოპერაციებისთვის მზად იქნებიან მიმდინარე გადაადგილებების დასრულების შემდეგ. ეს იქნება „მნიშვნელოვანი“ რუსული ძალა, თუმცა, ჩინოვნიკის განცხადებით, რუსეთის  ტაქტიკა უჩვენებს, რომ რიცხობრივი უპირატესობისასაც კი მათ უფრო მცირერიცხოვანი უკრაინული დანაყოფები აკავებენ, რომლებიც გაცილებით ჭკვიანურად და მოულოდნელობის ეფექტით  მოქმედებენ. მისივე თქმით, ამ ტაქტიკით საეჭვოა, რუსეთმა იმ შემცირებულ სამხედრო მიზნებს მიაღწიოს, რომლებიც დაგეგმილი ე. წ. ბლიცკრიგის ჩავარდნის და უკრაინის ჩრდილოეთში წარუმატებლობის შემდეგ დაიტოვა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close