მედიცინა

მეცნიერებმა დიაბეტის ინსულინის გარეშე მკურნალობის მეთოდს მიაგნეს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დიაბეტის მკურნალობა ინსულინის გარეშეც შესაძლებელია – დიდი იმედის მომცემმა ახალმა კვლევებმა მეორე ტიპის დიაბეტის (ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი) უწამლოდ მკურნალობის შესაძლებლობა გააჩინა. მეცნიერებმა მათ მიერ აღმოჩენილი ახალი მეთოდის გამოყენებით დიაბეტით დაავადებულ ცხოველთა სამ სახეობაში აჩვენეს, თუ რამდენად ეფექტიანად შეუძლია ინსულინის და გლუკოზის დონის რეგულირება ულტრაბგერის მოკლე იმპულსებს, რომლებიც ღვიძლში ნერვების გარკვეულ ჯგუფებზეა მიმართული. 

კვლევა GE Research-ის ხელმძღვანელობით ჩაატარა მკვლევართა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ მეცნიერები იელის მედიცინის სკოლიდან, ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან და ფაინშტაინის სახელობის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტიდან. ჟურნალ Nature Biomedical Engineering-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში მათ წარმოადგინეს უნიკალური არაინვაზიური ულტრაბგერითი მეთოდი, რომელიც ღვიძლში გარკვეული მგრძნობიარე ნერვების სტიმულაციაზეა მიმართული. ამ ტექნოლოგიას ეწოდება პერიფერიულ ფოკუსირებული ულტრაბგერითი სტიმულაცია (pFUS).  

 ჩატარებული კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ მკურნალობა ეფექტიანია მეორე ტიპის დიაბეტის 3 განსხვავებული ცხოველური მოდელის შემთხვევაში: თაგვების, ვირთხების და ღორების.

სამწუხაროდ, ამჟამად ძალიან ცოტა პრეპარატი არსებობს, რომელიც ინსულინის დონეს ამცირებს, – განმარტა იელის მედიცინის სკოლის ენდოკრინოლოგმა რაიმუნდ ჰერცოგმა. – თუ ჩვენი მიმდინარე კლინიკური ცდები წინაკლინიკური კვლევების შედეგებს დაადასტურებს და ულტრაბგერების გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ინსულინის, ისე გლუკოზიდ დონის შესამცირებლად, ულტრაბგერითი ნეირომოდულაცია ჩვენი პაციენტების მკურნალობის მნიშვნელოვანი და სრულიად ახალი მეთოდი იქნება“.

კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად ფოკუსირებული ულტრაბგერითი მკურნალობის სულ რაღაც 3 წუთი საკმარისი იყო დიაბეტით დაავადებული ცხოველების სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად. ამჟამად მიმდინარეობს კლინიკური კვლევები ადამიანებზე. იმის დამტკიცების გარდა, რომ მეთოდი მუშაობს, არსებობს სხვა  წინააღმდეგობებიც – საქმე ისაა, რომ ულტრაბგერის ამჟამად არსებული ინსტრუმენტების გამოყენება მხოლოდ სპეციალურად მომზადებულ ტექნიკოსებს შეუძლიათ, თუმცა მკვლევრები ვარაუდობენ, რომ არსებობს ტექნოლოგია, რომელიც ამ სისტემების ისე გამარტივებისა და ავტომატიზების საშუალებას იძლევა, რომ პაციენტებმა სახლში თავად შეძლონ მისი გამოყენება. ეს ინსტრუმენტები უნდა დამუშავდეს მანამ, სანამ მკვლევრების მიერ აღმოჩენილი უწამლო მკურნალობა ფართოდ გავრცელდება. ეს კი ადამიანებს მკურნალობას გაუიოლებს, გაუიაფებს და ბევრ პაციენტს სიკვდილისგან იხსნის.

ახალი კვლევის თანაავტორი კრისტოფერ პულეო მიიჩნევს, რომ მეორე ტიპის დიაბეტის არამედიკამენტოზური მკურნალობის ამ მეთოდმა მომავალში შესაძლოა ბევრი მიდგომა შეცვალოს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close