დღის თემაპოლიტიკასაქართველო

33 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან, 31 – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან

9 აპრილი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში, ტრაგიკული და, ამავდროულად, დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ზუსტად 33 წლის წინათ, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების დანაყოფებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა – 20 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი ადამიანი იმავე დღეს, კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით.

აქციის დარბევისას მომაკვდინებელი იარაღი გამოიყენეს: ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. უამრავი ადამიანი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

სადამსჯელო ოპერაციას გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა.

ამ ტრაგიკული დღიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

საქართველო არასდროს დაივიწყებს ადამიანებს, რომლებიც ტოტალიტარულმა რეჟიმმა იმსხვერპლა თავისუფლებისათვის მშვიდობიანი ბრძოლისათვის:

აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.

ფოტოკოლაჟი: on.ge

მაშინდელი ამბების მომსწრეებს კარგად ახსოვთ იმ დღეების ჰეროიკული ტრაგიზმი, რომელმაც მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრა და გააერთიანა თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეის გარშემო. სწორედ ამ დღიდან მოერყა საბოლოოდ საფუძველი ტოტალიტარულ რეჟიმს, რაც საბჭოთა კავშირის დაშლით და დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.

დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება, ქართველების მიერ საქართველოდან დაწყებულ დიად საქმეს ახლა უკრაინელი ხალხი ასრულებს – უკრაინის გამარჯვებით ამ სასტიკ ომში საბოლოოდ დამარცხდება და ამოიძირკვება საბჭოთა ტოტალიტარიზმის ფესვებიც და იდეაც.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close