6 აპრილს დილით ხანძარი გაუჩნდა კომოს ტბაზე, მენაჯოში მდებარე ვილას, რომელიც პუტინის დაახლოებულ პირს და კრემლის პროპაგანდისტს, ტელეწამყვან ვლადიმირ სოლოვიოვს ეკუთვნის. სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად კარაბინერებმა გაარკვიეს, რომ ცეცხლი ვილაზე საბურავების დაწვის შემდეგ გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ანსა“ ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ სანქციების შედეგად სოლოვიოვის ეს უძრავი ქონება უკვე დაყადაღებული იყო.
ორსართულიან ვილაში ხანძრის გაჩენამდე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა შემთხვევითი არ ყოფილა და წინასწარი განზრახვით მოაწყვეს.
კვამლი მეზობელმა შენიშნა და სახანძრო სამსახურში დარეკა.
მენაჯოს მერის, მიქელე სპაგიარის თქმით, ვილისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებიათ. „ვილა ამ დროისთვის ცარიელია. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.“ – განაცხადა სპაგიარიმ.
კომოს პროკურატურამ საქმე აღძრა წინასწარი განზრახვით ცეცხლის გაჩენასთან დაკავშირებით.
ნინო ხოშტარია
კომენტარები