საზოგადოებასაქართველო

საქართველოში ბოლო ერთ დღეში კოვიდ-19-ით არავინ გარდაცვლილა, გამყრელიძე პანდემიის დასასრულზე საუბრობს

სასიხარულო ინფორმაცია წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის შემდეგ! – საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით არავინ გარდაცვლილა. ასეთი „უმსხვერპლო“ დღე ბოლოს 2020 წლის 27 სექტემბერს იყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში  დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 324 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 721​ პაციენტი და, როგორც აღვნიშნეთ, არავინ გარდაცვლილა.

ჩატარდა 22 625 ტესტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,43%-ია, ბოლო 7 დღის – 1.9​%, ბოლო 14 დღის – 2.32​%​.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როდესაც საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი, გამოვლენილია 1 650 708​ შემთხვევა, COVID-19-ით გარდაცვლილია 16 765 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1629 987 პაციენტი; აქტიური შემთხვევების რაოდენობა დღეისათვის 3956-ს უდრის, მათგან არცერთი განიხილება კრიტიკულად მძიმედ, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტები მომავალშიც, სავარაუდოდ, აღარ იქნება.

ამჟამად საქართველოში ცირკულირებს SARS-CoV-2-ის „ომიკრონ“ ვარიანტი, რომელიც ძლიერ გადამდებია, თუმცა გაცილებით მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა, შესაბამისად, პაციენტები ჰოსპიტალიზაციას შედარებით იშვიათად საჭიროებენ. არსებული ინფორმაციით, ჩატარებული აცრისა თუ გადატანილი დაავადების წყალობით საქართველოს მოსახლეობის 65%-ს მყარი იმუნიტეტი აქვს კორონავირუსის მიმართ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დიდი საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ 2022 წელს კორონავირუსის პანდემია დასრულდება. ასეთი განცხადება მან „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა.

„არ გამოცხადებულა დასრულებულად პანდემია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მაგრამ … მათ თქვეს, რომ პანდემიის მწვავე ფაზა სრულდება, ანუ, დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ რამე ექსტრაორდინარული არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში და ევოლუციაში, დიდი ალბათობით, წელს ჯანმო პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

სპეციალისტები, მათ შორის, გიორგი ფხაკაძე, ევროპაში ვირუსის გავრცელების მაღალ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ფიქრობენ, რომ მიუხედავად ამჟამინდელი დადებითი სურათისა, საქართველოში ივნის-ივლისში მოსალოდნელია მეშვიდე ტალღა, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებენ, სიფრთხილე არ მოადუნონ, ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეებში ისევ გამოიყენონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და აცრა გაიკეთონ.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი პარტია შემოვიდა, შესაბამისად, ქვეყანაში შესაძლებელია აცრა 3 სახის პრეპარატით – ჩინური „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ და ამერიკული „ფაიზერით“.

აპრილში ისევ გრძელდება აცრის წამახალისებელი ფულადი ბონუსების ჩარიცხვა – 200 ლარი პირველ და მეორე დოზაზე, 100 ლარი – ბუსტერულ დოზაზე. აცრა დასაშვებია 12 წელს ზემოთ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close