fbpx
საზოგადოებასაქართველო

FORBES-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი – სიაში ორი ქართველია

ჟურნალმა Forbes-მა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი უკვე 36-ედ შეადგინა. დედამიწას ახლა უკვე 2668 აღიარებული მილიარდერი ჰყავს, 87-ით მეტი 2021 წელთან შედარებით. მილიარდერები ჯამში 12.7 ტრილიონი დოლარის ქონებას ფლობენ – 400 მილიონით ნაკლებს 2021 წელთან შედარებით.

უმდიდრესი ადამიანების სიაში მხოლოდ 2 ქართველია – ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ ლომთაძე.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, რომელიც გასულ წელს პოლიტიკიდან უკვე მეორედ წავიდა და, როგორც თავად ირწმუნება, საბოლოოდ, Forbes-ის შეფასებით, 4.8 მილიარდის ქონებას ფლობს. ბიძინა ივანიშვილი მდიდრებს შორის 586-ე ადგილს სჯერდება, თუმცა როგორც ჩანს, მალე მის ქონებას 555 მილიონი შეემატება – The Wall Street Journal-ის ცნობით, სწორედ ამ მოცულობის თანხის გადახდა დააკისრა შვეიცარიულ გიგანტს Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის ბერმუდის სასამართლომ.

ბერმუდის უზენაესი სასამართლოს შეფასებით, შვეიცარიულმა კომერციულმა ბანკმა საშუალება მისცა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პირად ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს, მილიარდერის ფულადი სახსრები არაგონივრულად ემართა და, ამასთან, ნაწილი დაესაკუთრებინა კიდეც. საგულისხმოა, რომ Credit Suisse-ს აღნიშნული მოცულობის თანხა რეზერვში უკვე მობილიზებული აქვს.

კიდევ ერთი ქართველი, რომელიც Forbes-ის საპატიო რეიტინგშია, მიხეილ ლომთაძეა. ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში გამდიდრებულ, Kaspi-ს დამფუძნებელ ქართველ ბიზნესმენს ჯერ მხოლოდ 1.9 მილიარდი დოლარი აქვს და სიაშიც 1579-ე ადგილზეა. ბოლო 1 წელიწადში ლომთაძის ქონება 1.3 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2020 წლის ნოემბერში გავიდა და მაშინ ბანკის ერთი აქცია 41.5 დოლარი ღირდა. ბანკის აქციების მაქსიმალური ღირებულება 2021 წლის ოქტომბერში იყო, როდესაცმისი ფასი 141.6 დოლარი იყო, თუმცა ჯერ ყაზახეთში არსებული კრიზისის, შემდეგ კი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო ბანკის აქციების საფასური შემცირდა და ახლა 47.5 დოლარად ივაჭრება.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის სიაში ილონ მასკი ლიდერობს 219 მილიარდი დოლარით, მეორე ადგილზეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელიც 171 მილიარდს ფლობს. მესამე ადგილს იკავებს ბერნარ არნო. LVMH-ის დამფუძნებელს 153 მილიარდის ქონება აქვს.

bm.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close