მსოფლიოპოლიტიკა

ევროპის ქვეყნები რუს დიპლომატებს აძევებენ ჯაშუშობის ბრალდებით

ევროპის კიდევ 6 ქვეყანა რუს დიპლომატებს აძევებს, ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს. დიპლომატების (თუ დიპლომატებად შენიღბული რუსული დაზვერვის თანამშრომლების) გაძევების მიზეზად სახელდება ის, რომ ისინი „საფრთხეს უქმნიან ქვეყნის უსაფრთხოებას“.

5 აპრილს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ „ეროვნული უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე“ ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს გააძევებენ.

ჩვენს მკითხველს ალბათ ახსოვს დიპლომატიური სკანდალი, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ, 2021 წლის მარტის ბოლოს მოხდა იტალიაში, როდესაც იტალიელი სამხედრო დააკავეს, რომელიც ნატოს საიდუმლო დოკუმენტებს რუს სამხედრო ატაშეს თანხის სანაცვლოდ აწვდიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მაშინ იტალიამ ქვეყნიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევა. მაშინ იტალიის კონტრდაზვერვა აცხადებდა, რომ რუსეთის საელჩოს 80 თანამშრომელი ჯაშუშურ საქმიანობას ეწევა..

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეპე კოფოდის განცხადებით, კოპენჰაგენში რუსეთის საელჩოდან 15 ოფიციალურ პირს გააძევებენ.

უკრაინაში შეჭრისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო ათობით რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს გერმანიის და საფრანგეთის მთავრობებმაც – 40 დიპლომატი „არასასურველ პირად“ გამოცხადდა გერმანიაში და ერთი კვირა მიეცათ ქვეყნის დასატოვებლად, საფრანგეთმა კი ქვეყნისთვის საფრთხედ მიიჩნია რუსეთის საელჩოს 35 თანამშრომლის საქმიანობა და მათაც მოუწევთ საფრანგეთის დატოვება უახლოეს მომავალში.

რუს დიპლომატებს გააძევებენ ესპანეთი, ლატვია და შვედეთიც.

ორშაბათს ლიეტუვამ ვილნიუსიდან რუსეთის ელჩი გააძევა და მოსკოვიდან უკან გამოითხოვა თავისი უმაღლესი დიპლომატიური წარმომადგენელი.

ერთი კვირის წინ, 29 მარტს შპიონაჟში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება 4-მა ევროპულმა ქვეყანამ მიიღო – ნიდერლანდებმა, ბელგიამ, ირლანდიამ და ჩეხეთმა.

ნიდერლანდებმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევებს რუსული დაზვერვის 17 თანამშრომელს, რომლებიც სხვადასხვა რუსულ წარმომადგენლობაში აკრედიტებულები იყვნენ, როგორც დიპლომატები .

ბელგია კი ანალოგიურ ბრალდებით 21 რუს დიპლომატს აძევებს. საუბარია ბრიუსელში რუსეთის საელჩოს და ანტვერპენში – საკონსულოს თანამშრომლებზე.

ირლანდიამ განაცხადა, რომ ქვეყანას დატოვებს 4 „მაღალი რანგის დიპლომატი“ დუბლინში მდებარე რუსეთის საელჩოდან. ირლანდიაც ჯაშუშობაში სდებს მათ ბრალს.

ჩეხეთმა კი ერთი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა – პრაღაში მდებარე რუსული საელჩოს თანამშრომელმა ქვეყანა უკვე დატოვა.

24 თებერვლის შემდეგ რიგმა ქვეყანამ ჯაშუშობის ბრალდებით ათობით რუსი ე. წ. დიპლომატი გააძევა, მაგ., აშშ-მა – 12, ხოლო პოლონეთმა – 45.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close