ვინ არის მამაკაცი, რომელიც ქუთაისში ქალმა მოკლა – „აბრალებდა, შენ მოკალი ცოლიო“
ქუთაისში ქალმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა. შემთხვევა მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მოხდა. თვითმხილველთა თქმით, კაცს ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.
როგორც გაირკვა, მოკლული 42 წლის ტიტე კორძაძეა. იგი გასული წლის ივლისში დაქორწინდა ნინო დიაკონიძეზე, თუმცა, სამწუხაროდ, მისი მეუღლე ქორწინებიდან ორიოდე თვეში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ქალი, რომელმაც ახალგაზრდა კაცს ყელი გამოსჭრა, მისი გარდაცვლილი მეუღლის – ნინოს ბიძაშვილია. მკვლელობას წინ უძღოდა შელაპარაკება. სავარაუდოდ, მკვლელობის მოტივი იყო ის, რომ ქალი ტიტე კორძაძეს თავისი ბიძაშვილის – საკუთარი ცოლის მოკვლაში ადანაშაულებდა.
„დაუჭრია და წასულა, ამ ბიჭს უვლია და სკამზე ჩამომჯდარა, მე როგორც გავიგე, საავადმყოფოში წაუყვანიათ, სადაც უკვე გარდაცვლილა. როგორც თქვეს, გოგონა ცოლის ნათესავია და ადანაშაულებდა თურმე, შენ მოკალი ჩემი ბიძაშვილიო, მე ასე გავიგე“, – უთხრა პარკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „მეგაTV“-ს ჟურნალისტს.
თვითმხილველთა თქმით, დაჭრილმა ახალგაზრდა კაცმა საკუთარ ავტომობილამდე მისვლა მოახერხა და გამვლელებს შველა სთხოვა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან ე. წ. საძილე არტერია ჰქონდა გადაჭრილი.
პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – 1995 წელს დაბადებული ს. ყ. თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მას განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაული 7-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ს.ყ.-მ მომხდარი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე დაზიანება მიაყენა ტ.კ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ს.ყ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები