„რუსეთში აშენებენ ქალაქს, რომელიც აპოკალიფსურ გადარჩენაზეა გათვლილი, რომ რამდენიმე ასეულობით ათასმა ადამიანმა გამოიზამთროს ბირთვული ზამთარი და მათვე დადაუდონ ახალ რუსეთს თუ სლავურ ცივილიზაციას სათავე“, – ამის შესახებ ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, ფიზიკოსმა გია დვალმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სიტუაციას ართულებს ის, რომ რუსეთში შეიქმნა მმართველობის სისტემა, რომელიც, ფაქტობრივად, არის მთლიანად მაამებლობაზე დაფუძნებული. მეცნიერების ერთმა ჯგუფმა თავიდანვე დაგმა ეს ომი, ამის საპასუხოდ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ოფიციალური წერილი, რომელსაც ხელს რუსეთის თითქმის ყველა რექტორი აწერს, ეს შოკისმომგვრელი წერილია. ეს, ფაქტობრივად, უპირობო მხარდაჭერაა ამ ომის და ამ დანაშაულის.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი? ეს გვიქმნის სურათს, თუ რა დონის ფსევდომეცნიერები შეიძლება ჰყავდნენ პუტინს გარშემო. აქ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ და შიშისმომგვრელია იმის წარმოდგენა, რა ტიპის კონსულტაციებს შეიძლება უწევდეს ეს ხალხი პრეზიდენტს მოსალოდნელ ბირთვულ საფრთხეებზე.
სხვათა შორის, ხომ ცნობილია, რომ აშენებენ ქალაქს, ბუნკერიც არ ჰქვია, რომელიც აპოკალიფსურ გადარჩენაზეა გათვლილი, რომ რამდენიმე ასეულობით ათასობით ადამიანმა გამოიზამთროს ბირთვული ზამთარი.
ჯერ ერთი – ამის გათვლა, რომ ასე თავის გადარჩენა შესაძლებელია, შეუძლებელია. დღეს ჩვენ არ გვაქვს სრული მეცნიერული საშუალებები, გავთვალოთ, რა შედეგები ექნება სრულმასშტაბიან ბირთვულ ომს. რაც შეგვიძლია გავთვალოთ, ეს უკვე იმდენად კატასტროფულია… წარმოიდგინეთ, რომ იმის იქით იქნება ახალი ფაქტორები და დღეს ჩვენ არ შეგვიძლია გავთვალოთ ის ახალი უბედურება, რომელიც ამის შემდეგ გამოჩნდება – ბირთვული ძალის, რადიაციის, მუტაციისა და ახალი უბედურების გამო.
ნებისმიერი მრჩეველი, რომელიც ეუბნება ამ ადამიანს, თუ ჯგუფს ადამიანებისა, რომ მათ მართლა შეუძლიათ გამოიზამთრონ ეს ბირთვული ზამთარი, დანარჩენი მსოფლიო გაანადგურონ და რამდენიმე ასი ათასმა დაუდოს ახალ რუსეთს თუ სლავურ ცივილიზაციას სათავე, ეს არის აბსურდი, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ასეთი აბსურდის დონეზე ხდება ეს კონსულტაციები. რასაც გარედან ვუყურებთ, ასეთ უპასუხისმგებლო ხელში არ ყოფილა ბირთვული იარაღი ისტორიის მანძილზე“, – ამბობს გია დვალი.
კომენტარები