მსოფლიოპოლიტიკა

მოსკოვი „შეშფოთებულია“ მთიან ყარაბაღში დაძაბულობით, ბაქო კი მოსკოვს პრეტენზიას უყენებს

თვითაღიარებული ყარაბაღის მთავრობა რუსეთს „სამშვიდობოთა“ კონტინგენტის გაზრდას სთხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „უკიდურესი შეშფოთება“ გამოთქვა მთიან ყარაბაღში დაძაბულობის გამო. აზერბაიჯანი კი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს და თავად აქვს პრეტენზია მოსკოვის მიმართ.

ამის შესახებ რადიო Azatutyun-ი იუწყება ორივე მხარის განცხადებებზე დაყრდნობით.

26 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა „დაარღვიეს რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დებულებები და რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ  მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე“. უწყებამ აზერბაიჯანულ მხარეს უკან დახევისკენ მოუწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ „მსგავსი ქმედებები არღვევს ლიდერების 9 ნოემბრის განცხადებას“ და აღნიშნა, რომ „ორივე მხარესთან თანამშრომლობით იღებენ ზომებს სიტუაციის დეესკალაციისათვის რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ხაზის გასწვრივ“.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს „ცალმხრივი“ და „რეალური მდგომარეობის შეუსაბამო“ უწოდა.

„აქამდე არ განხორციელებულა სომხური არმიის ნარჩენების და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების სრული გაყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ლიდერების განცხადების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასე რომ, შეთანხმების დამრღვევი სწორედ სომხეთია“, –  აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ბაქოში, აგრეთვე, განმარტეს, რომ რუსული მხარის განცხადება ეწინააღმდეგება ორმხრივი ურთიერთობების ხასიათს და 2022 წლის 22 თებერვლის დეკლარაციას „მოკავშირული ურთიერთქმედების შესახებ“.

შეგახსენებთ, რომ 24-25 მარტს სომხეთმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები „რუსული სამშვიდობო მისიის“ პასუხისმგებლობის ზონაში შეხების ხაზის დარღვევაში და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოფელ ფარუხის დაკავებაში დაადანაშაულა.

პარასკევს შეტევაზე გადასულ აზერბაიჯანულ ჯართან შეტაკებაში 3 ეთნიკურად სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.

ამასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოლაპარაკებების ორი რაუნდი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და განაცხადა, რომ „აუცილებელია რუსი მშვიდობისმყოფელების ქმედებების გამოძიება“. თვითგამოცხადებული ყარაბაღის ხელისუფლება რუსეთს სთხოვს, სამშვიდობოთა რიცხოვნობა გაზარდოს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close