საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აბებით მკურნალობა უკვე შესაძლებელია
კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატ Paxlovid-ის პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ეს არის ერთ-ერთი უძვირესი მედიკამენტი, რაც კი მსოფლიოში შექმნილა, მაგრამ საქართველოში ის უფასო იქნება.
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც კოვიდ-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება.
„Paxlovid-ი COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტიანი წამალია. მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარ ზღუდავს. Paxlovid-ის ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის – თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი Paxlovid-ი ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას 89%-ით ამცირებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პრეპარატს ძირითადად მიიღებენ 60 წელს გადაცილებულიადამიანები და ახალგაზრდები, რომლებიც მდგომარეობის დამძიმების რისკის ქვეშ არიან.
„ Paxlovid-ი ტაბლეტირებული მედიკამენტია და ამბულატორიაში იძლევა, ანუ არის საშუალება, როგორც კი დაისმება დიაგნოზი ან ინფიცირების პირველივე დღეებში, მედიკამენტი ავადმყოფს მიეცეს და 89%-ით იყოს დაზღვეული, რომ არ მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაცია და გარდაცვალება. ეს მედიკამენტი პაციენტს ეძლევა 3 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ.
მას არ აქვს სერიოზული საწინააღმდეგო ჩვენებები. ერთადერთი წინაღმდეგ ჩვენება არის თირკმლის მძიმე უკმარისობა, რაც ძალიან იშვიათია კოვიდის დროს, ინფიცირების დასაწყისში.
ასევე, ღვიძლის ციროზი, რაც ასევე ძალიან იშვითია და ანაფილაქსიის ძლიერი ალერგიული რეაქცია რიმელიმე კომპონენტზე, რაც ძალიან იშვითია. ასევე გასათვალისწინებელია ზოგიერთი ფაქტორი, მაგრამ ამ მედიკამენტის გამოყენება შეიძლება მასობრივად, ოღონდ ის ყველას არ მიეცემა. რაოდენობით საკმარისი შემოვა. ძალიან დიდ რაოდენობაზეა კონტრაქტი დადებული და ეტაპობრივად შემოვა, დასაწყისში საკმარისი რაოდენობით შემოვა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან ძვირი მედიკამენტი,რაც მსოფლიოში შექმნილა, მაგრამ საქართველოში უფასო იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
პრეპარატი უკვე ფართოდ გამოიყენება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპის ქვეყნებში.
COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი კომპანია Pfizer-მა შექმნა. Paxlovid-ი აღიარებულია, როგორც აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები