ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი წარადგინა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ხვალ მივიღებთ ზომების მეოთხე პაკეტს რუსეთის იზოლაციის გაზრდისა და იმ რესურსების ამოწურვის მიზნით, რომლითაც ის აფინანსებს ამ ბარბაროსულ ომს. ამჟამინდელი კრიზისი უპრეცედენტოა; ისევე, როგორც დემოკრატიული ქვეყნების მეგობრული და სწრაფი რეაგირება მასზე. უკვე ვთქვი და გავიმეორებ: უკრაინა გაიმარჯვებს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, რომელმაც 11 მარტს განაცხადა, რომ რუსეთს შეღავათიანი სავაჭრო პარტნიორის სტატუსს ჩამოართმევს, რუსეთს ვაჭრობაში უპირატესობები ევროკავშირშიც აღარ ექნება. ახალი სანქციები პუტინის ახლო გარემოცვასაც შეეხება; ასევე, კრიპტოვალუტებს ეხება. ევროკავშირი აკრძალავს ფუფუნების საგნების ექსპორტს რუსეთში. აიკრძალება რუსეთიდან ფოლადისა და შავი მეტალურგიის სხვა პროდუქტების იმპორტი ევროპაში.
დაბოლოს, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ეკრძალებათ ინვესტიციების განხორციელება რუსეთის ენერგეტიკული სექტორის ნებისმიერ პროექტში.
ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი მხარს უჭერდა რუსეთის ენერგომატარებლებზე დაუყოვნებლივ უარის თქმას მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისგან გამოწვეული სირთულეებისა ევროკავშირისთვის, თუმცა საბოლოო ჯამში გადაწყდა, რომ ევროკავშირი 2027 წლისთვის მთლიანად უარს იტყვის რუსულ ენერგომატარებლებზე. რამდენიმე დღის წინ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ევროკავშირი რუსული გაზის იმპორტს 2/3-ით შეამცირებს. როგორც ცნობილია, სწორედ ნავთობისა და გაზის ექსპორტით მიღებული თანხით ივსება ივსება რუსეთის ბიუჯეტის დიდი ნაწილი (თითქმის 40%) და ფინანსდება რუსული სამხედრო მანქანა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეოთხე პაკეტის წარდგენამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანება, რომელიც კრძალავს რუსეთში აშშ დოლარის კუპიურებისა და ფუფუნების საგნების ექსპორტს, გაყიდვას და მიწოდებას.
აკრძალვის თანახმად, აშშ-ის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, სადაც არ უნდა იყვნენ, ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის ან რუსეთის ფედერაციაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის პირდაპირ ან ირიბად დოლარის ბანკნოტების ექსპორტი, რეექსპორტი, მიყიდვა ან მიწოდება. აშშ-იდან იკრძალება რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტიც.
რაც შეეხება რუსულ პროდუქციას, აშშ-ში იკრძალება რუსეთში დამზადებული თევზეულის, ზღვის პროდუქტების, ალკოჰოლური სასმელებისა და არაინდუსტრიული ბრილიანტების, ასევე, იმ პროდუქციის იმპორტი, რომელსაც აშშ-ის ხაზინის, სახელმწიფო და ვაჭრობის დეპარტამენტები ერთმანეთთან კონსულტაციების შედეგად განსაზღვრავენ.
რუსეთის მიერ 24 თებერვალს, გამთენიისას დაწყებული ომი უკრაინაში მე-17 დღეა გრძელდება. ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული, იბომბება ქალაქები, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა. რამდენიმე ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. 2,5 მილიონზე მეტმა უკრაინელმა ქვეყანა დატოვა და დევნილად იქცა. უკრაინის გენპროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ომის პირველი 16 დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 79 უკრაინელი ბავშვი მოკლეს, 100 ბავშვი კი დაჭრილია.
ნინო ხოშტარია
კომენტარები