პოლიტიკასაქართველო

სალომე ზურაბიშვილმა „ფრანს-24“-თან ინტერვიუში ღარიბაშვილზე, პუტინზე და უკრაინაზე კითხვებს უპასუხა

პარიზსა და ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, „ფრანს-24“-ის სტუდიაში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმირ პუტინზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, უკრაინასა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

„გულწრფელად რომ ვთქვა, მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას.

„პირველ რიგში, არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება. და ვფიქრობ, რომ ასე არც დგას საკითხი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით. დარწმუნებული არ ვარ, რომ ისეთი ტიპის სანქციების გატარებას შევძლებდით, რომელსაც მართლაც ექნებოდა აზრი ამ ეტაპზე“, – თქვა ზურაბიშვილმა.

„თუნდაც, სიმბოლური სანქციები?“ – ჩაეკითხა ჟურნალისტი.

„დიახაც, და სწორედ ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადება დღეისათვის გასაგები იყო, გულწრფელად რომ ვთქვა, მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი“, – თქვა მან.

რუსეთის პრეზიდენტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა უსმენდნენ არა პუტინის სიტყვებს, არამედ უყურებდნენ, რას აკეთებს ის.

„მე არ მარწმუნებს მისი სიტყვები და ვფიქრობ, რომ ეს პრეზიდენტ მაკრონსაც ესმის, რომ პუტინს სიტყვაზე არ უნდა ენდოს“, – თქვა ზურაბიშვილმა, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობდა პრეზიდენტ მაკრონის მიერ პუტინის დათანხმებაზე, რომ იგი ჩაერთვებოდა 3 ძირითადი პუნქტის მოგვარებაში უკრაინასთან – საცხოვრებელი ადგილებისა და სამოქალაქო პირების მიმართ შეტევების და დაბომბვის შეჩერებაში, საცხოვრებელი ადგილებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე საგზაო ქსელების უსაფრთხოების დაცვაში.

„ეს ალბათ ჯობს ჯერ ვიხილოთ, ვიდრე მხოლოდ სიტყვებს დავჯერდეთ, და ჩანს პუტინისთვის გზების უსაფრთხოება აღქმულია ამ გზებზე კილომეტრობით ტანკების განლაგებით“, – თქვა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რომელმაც მკაფიოდ მიანიშნა, რომ აგრესია უკრაინის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების გამო განახორციელა, ხომ არ შეიცვალა საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი? – ზურაბიშვილმა უპასუხა რომ, არა.

„საქართველოში რუსეთი უკვე შემოჭრილია და ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიები და ამას არ შეუცვლია ჩვენი სურვილი, შევუერთდეთ ევროპულ სტრუქტურებს, მათ შორის, ჩრდ. ატლანტიკურ ალიანსს, და ეს ჩვენი სურვილი ჩაბეჭდილია საქართველოს კონსტიტუციაში, და ასევე ხალხის გულებში, რომლებიც თავს თვლიან უფრო ევროპელებად, ვიდრე თავად ევროპელები, ხანდახან“, – თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რაც არ უნდა მოხდეს, შეჭრის შემდეგ შედეგი იქნება ის, რომ უკრაინა გახდება უფრო ანტირუსული. მისივე თქმით, „რაც მნიშვნელოვანია, და რასაც ყველა მოელის საქართველოსგან, ეს არის ღია სოლიდარობა და ამიტომაც ვარ მე აქ, ამ სოლიდარობის დემონსტრირებისთვის პრეზიდენტ ზელენსკის წინაშე; ამ სოლიდარობას აჩვენებს ქართველი ხალხი საქართველოში“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პუტინმა უნდა იგრძნოს, რომ ევროპა ერთიანია. მან ვერ გათვალა, როგორი მტკიცე იქნებოდა, პირველ რიგში, უკრაინელების და შემდეგ ევროპის რეაქცია. არავინ ზრდის ესკალაციას პუტინის გარდა. პუტინი იმიტომაც გახდა პუტინი, რომ დასავლეთი თავს იბოჭავდა მასთან ურთიერთობაში, რომ არაფერი ჩაედინა, რასაც მისი პროვოცირება შეეძლო; ჩვენ, დასავლეთს, არ უნდა გვქონდეს კომპლექსი; ამ შემთხვევაში არაფრის პროვოცირება არ მომხდარა; ერთია, რას ფიქრობს პუტინი, მაგრამ მან რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი – ევროკავშირის წევრობა არავისთვისაა საფრთხე და არც ნატოს წევრობა, – თქვა ზურაბიშვილმა.

მან მხარდაჭერა გამოხატა ევროკავშირის წევრობაზე პრეზიდენტ ზელენსკის განაცხადთან დაკავშირებით და თქვა, რომ შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება,  ევროპამ თქვას: „დიახ, შემოდით“. „როგორ მოხდება ეს შესვლა, ჯერ კიდევ სანახავია, მაგრამ მსურს, საქართველოც ვიხილო ასეთ მდგომარეობაში“, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

radiotavisupleba.ge

www.france24.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close