ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს ორგანიზაციაში წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა
უკრაინაზე რუსეთის შეირაღებული თავდასხმის საპასუხოდ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს ორგანიზაციაში წარმომადგნელობითი უფლება შეუჩერა. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამგვარად, რუსეთს წარმომადგენლობის უფლება შეუჩერდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში.
„ევროპის საბჭოს სტატუსის შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტმა დღეს გადაწყვიტა, შეუჩეროს რუსეთის ფედერაციას მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია რჩება ევროპის საბჭოს წევრად და ევროპის საბჭოს კონვენციების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილედ. ამავე განცხადების მიხედვით, წარმომადგენლობის უფლების შეჩერება არის დროებითი ზომები და ევროპის საბჭო ღიას ტოვებს კომუნიკაციის არხებს.
ევროპის საბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ „რუსეთისთვის ევროპის საბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას საქართველოს წარმომადგენლობამ ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირა“.
1tv.ge
კომენტარები