რა პირობით იქნება შესაძლებელი 1-ლი მარტიდან საქართველოს საზღვრის კვეთა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით საქართველოში შემოსვლის უფლება აქვს უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული, ან წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის უარყოფით პასუხს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„1-ლი მარტიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც – არის სრულად ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში, წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე „პისიარ“ ტესტს (მესამე დღეს „პისიარ“ ტესტირების ვალდებულების გარეშე); იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების „პისიარ“ტესტით შემოსვლის შემთხვევაში იხსნება მესამე დღეს „პისიარ“ტესტირების ვალდებულება, ხოლო „პისიარ“ტესტის არქონის შემთხვევაში არსებული 8-დღიანი თვითიზოლაცია შემცირდება 5 დღემდე;
„რეგულაციების შემსუბუქების გათვალისწინებით, უქმდება ბიზნესვიზიტორების, „იმუშავე საქართველოდან“ და სტუდენტური აპლიკაციები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები