უკრაინაში, პოლიტიკურ თოქ-შოუში „სიტყვის თავისუფლება“, რომელიც ცნობილ ჟურნალისტ სავიკ შუსტერს მიჰყავს („Свобода слова Савика Шустера“), რადას პრორუს დეპუტატსა და ჟურნალისტს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.
გადაცემაში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა ნესტორ შუფრიჩმა უკრაინული ჯარი და მთავრობა ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა. მანამდე ის რუსეთში იყო და როგორც თავად ამბობს, უკრაინელი ხალხისთვის „სიმართლე ჩამოიტანა“.
თოქ-შოუს მონაწილე ჟურნალისტმა იური ბუტუსოვმა წამყვანს მიმართა და სთხოვა, სიტყვა არ მიეცა მოღალატე დეპუტატისთვის, რადგან ის რუსულ ნარატივს ავრცელებს. დეპუტატმა უპასუხა: „მოღალატე ვარ თუ არა, სასამართლომ დაადგინოს“. ამ შეპასუხების შემდეგ ჟურნალისტი დეპუტატს მიეჭრა და სახეში ჩაარტყა. დარტყმა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
Юрій Бутусов і Нестор Шуфрич побилися на “Свободі слова” Савіка Шустера pic.twitter.com/nSx8wQtPyM
— Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) February 18, 2022
დღეს ამერიკულმა კერძო ტელე-რადიოკომპანია CBS-მა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა სარდლობამ უკრაინაში შეჭრის ბრძანება მიიღო.
CNN-ის ინფორმაციით კი, „რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალების 75% უკრაინის წინააღმდეგ განალაგა და შეტევისთვის მზად არიან“.
პუტინი კი დარწმუნებულია, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ესკალაციას საფუძვლად უდევს „პროვოკაციები უკრაინის მხრიდან“.
მანამდე კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად არის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს „ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში“ და დასძინა, რომ „დიპლომატია შესაძლებელია, სანამ ტანკები არ დაძრულან“.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები