რუსეთის მხრიდან სერიოზული საფრთხის გამო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებას ურჩევს.
საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ ნიდერლანდები, იაპონია, სამხრეთ კორეა, დანია, ისრაელი, ესტონეთი და ნორვეგია, ხოლო ლატვიამ არსებულ ვითარებას უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი უწოდა.
აღნიშნული ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად დატოვებას ურჩევენ, ხოლო მათ, ვინც ქვეყანაში დარჩენას გადაწყვეტს, მოუწოდებენ, თავი შეიკავონ უკრაინის შიგნით გადაადგილებისგან. ასევე, მათ ურჩევენ წყლის, საკვები პროდუქტების, თბილი საბნების, საწვავისა და სხვა საჭიროების ნივთების მომარაგებას.
აღსანიშნავია, რომ რუსეთისგან მომავალი საფრთხის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის სასწრაფოდ დატოვება ურჩია. უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა კი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, ქვეყანა 24-48 საათში დატოვონ, რადგან უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხე ძალიან მაღალია.
„ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს და ზუსტად არ ვიცით, რა მოხდება, მაგრამ რისკი ახლა საკმარისად მაღალია. წინდახედულება გვმართებს. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა თუ დაიწყება, სავარაუდოდ, ის დაიწყება საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით, რაც გამოიწვევს მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვას, მათი ეროვნების მიუხედავად. შემდგომი სახმელეთო შეჭრა აშკარად მოიცავს მასობრივი ძალებით შეტევას“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
1tv.ge
პ. ს. მოგვიანებით გავრცელდა ინფრომაცია, რომ უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს საკუთარ მოქალაქეებს, აგრეთვე, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ლიდერებმა.
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, ვიდრე კომერციული რეისები სრულდება, დროულად დატოვონ ქვეყანა.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა „ძალიან სახიფათოდ“ შეაფასა და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, დატოვონ ქვეყანა.
უკრაინაში ჯერჯერობით ისევ რჩებიან კანადის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, თუმცა კანადის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.
კომენტარები