fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მარტში ყველა კოვიდშეზღუდვას მოხსნის

საბერძნეთის მთავრობა ემზადება მარტში ყველა დარჩენილი კოვიდშეზღუდვის მოხსნისთვის, რადგან მოსალოდნელია პანდემიის „მკაცრი“ მაჩვენებლების შემსუბუქება. არ მოიხსნება მხოლოდ პირბადის ტარების ვალდებულება – ექსპერტების აზრით, პირბადე ჩვენთან კიდევ დიდხანს დარჩება. ამის შესახებ cnn.gr წერს

შეზღუდვების მოხსნისა და ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების ტენდენცია უკვე მთელ ევროპაში გამოიკვეთა, რაზეც მოწმობს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი კონფერენციაც, რომელიც 9 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიმართა.

მინისტრთა შორის დისკუსიებისას უპირატესი იყო აზრი, რომ შეზღუდვების გაუქმება ახლა აუცილებელია და სავალდებულოა ეკონომიკის გადასარჩენად.

თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ“: შეზღუდვების ყველა შემსუბუქება შეეხება მხოლოდ აცრილებს, აუცრელებისთვის კი ისევ ძალაში დარჩევა შეზღუდვები, რომლებიც დღეისათვის მოქმედებს (მთავარი კი მათგან დახურულ სივრცეებში შესვლის აკრძალვაა).

უკვე თებერვალში, თვის ბოლომდე შესაძლოა მოიხსნას ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ეხება ან მაღაზიებში მომხმარებელთა რაოდენობას, ან დასაჯდომ ადგილებს ტრანსპორტში, საზკვების ობიექტებსა და სტადიონებზე.

საქმეში ჩახედულები ამბობენ, რომ ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნას არ უნდა ველოდოთ, თანაც ბოლო შეზღუდვა, რომელსაც მიმდინარე წელს დააწესებს ხელისუფლება, იქნება კარნავალების ჩატარების აკრძალვა, რადგან საკარნავალო ღონისძიებების დროს ინფექციის გავრცელების დიდი რისკი არსებობს.

რატომ მარტი? საქმე ისაა, რომ როგორც სამშაბათს საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა ვასილის კიკილიასმა განაცხადა, ტურისტული სეზონი საბერძნეთში პირველი მარტიდან გაიხსნება აპრილის შუა რიცხვების ნაცვლად,. მისივე თქმით, გასულ წელს ყველა თვლიდა, რომ ტურიზმიდან შემოსავალი 5-6 მლრდ ევრო იქნებოდა, თუმცა 10,5-11 მლრდ ევრო შეადგინა – „უზარმაზარი შენატანი საბერძნეთის ეკონომიკასა და ვაჭრობაში“.

„მზად უნდა ვიყოთ პირველი მარტისთვის. ყველას ვთხოვე – გუბერნატორებს, მერებს, სასტუმროების მეპატრონეებს, ბიზნესმენებს, რომლებიც ორგანიზებულ პლაჟებს მართავენ – მარტისთვის მზად იყვნენ, რადგან წელს [ტურისტები] საბერძნეთში ადრე ჩამოვლენ და გვიან წავლენ“, – დაწერა მინისტრმა Twitter-ში. მისი თქმით, „დიდი მიზანია ტურისტული სეზონის გახანგრძლივება“.

Action24-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უკვე 2022 წლის დასაწყისისთვის მკვეთრად გაიზარდა დაჯავშნის მაჩვენებელი როგორც სასტუმროებში, ისე ტურიზმთან დაკავშირებულ სხვა პროფესიებში. „აპრილიდან აშშ-სთან 14 რეისი გვექნება დღეში, ჩამოვლენ მაღალი დონის ტურისტები, რომლებიც ქვეყანას ძალიან მაღალ შემოსავალს მოუტანენ“, – განაცხადა ტურიზმის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა რამდენიმე დღის წინ, 7 თებერვლიდან შეამსუბუქა ქვეყანაში შესვლის რეგულაციები ევროკავშირის არაწევრი 33 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close